18:17 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-17 17:06:07, 262 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრაზე იქნა მოწვეული, - ამის შესახებ ინფორმაციას "ოცნების" საგარეო უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების რეჟიმების დაცვის საკითხს და საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მუშაობას ამ მიმართულებით.

“აღინიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ არსებობს და საქართველოს ხელისუფლება შეუფერხებლად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, გაუგებარია მუდმივი სპეკულაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ამ კონტექსტში, შემაშფოთებელია დიდი ბრიტანეთის მიერ გემის SILVAR (IMO 9291262) დასანქცირების საკითხზე საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოზე გაკეთებული აქცენტი, რომელიც მიზანმიმართულად ემსახურება არასწორი აღქმების განმტკიცებას და საქართველოს ინტერესების დაზიანებას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ხსენება მიუღებელია მაშინ, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს, მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია, იგი ფლობდა Lloyd's Register-ის (გაერთიანებული სამეფო) მოქმედ კლასს, ოპერირებდა საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის მრავალრიცხოვან მარშრუტებზე და სტუმრობდა როგორც ევროპულ, ისე აზიურ და აფრიკულ პორტებს, მათ შორის მალტას, დანიას (სკაგენი), ეგვიპტეს, მალაიზიას, ინდოეთს, ჩინეთსა და სხვა. ამასთან, საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით.

ბრიტანული მხარისთვის ასევე კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოში შემოსვლამდე, სულ რამდენიმე კვირით ადრე, აღნიშნულ გემს დანიის სამეფოში, ჩაუტარდა ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც გემი არ დაკავებულა, რაც ადასტურებს მის შესაბამისობას საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების და ტექნიკური ზედამხედველობის მოთხოვნებთან.

გიორგი ზურაბაშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიუღებელია საელჩოს განცხადების სულისკვეთება და ამგვარი მანიპულაციური ქმედებები ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებს. შეხვედრის დასასრულს, ხაზი გაესვა კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას”, - ნათქვამია "ოცნების" საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics