|
2026-04-29 14:53:05, 294 ნახვა
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
21 აპრილს, თბილისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორთან, ჭუანგ ჟუნგვენთან მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა. ჟუნგვენს შეხვდნენ საქართველოს იუსტიციის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ჟუნგვენთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე. სამინისტროს პრესრელიზის მიხედვით, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა მიზანს, მაქსიმალურად გააძლიეროს საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო ჰაბის როლი. 21 აპრილს, ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორი ასევე შეხვდა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთის კიბერსივრცის სამინისტროსთან თანამშრომლობის გაძლიერება „გააღრმავებს ორივე ქვეყნის პოტენციალს კიბერუსაფრთხოებისა და ინოვაციების სფეროში." იუსტიციის სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მობილური აპლიკაციების დანერგვისა და ციფრული იდენტობის პროექტებს. ჭუანგ ჟურგვენის ვიზიტი ცხადყოფს, რომ ოფიციალური თბილისი ციფრულ სფეროში პეკინთან თანამშრომლობის განვითარებას ცდილობს. თუმცა, უწყება, რომლის წარმომადგენელთანაც საქართველოს მინისტრებმა შეხვედრები გამართეს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ავტორიტარული კონტროლის და სახელმწიფო ცენზურის უზრუნველმყოფი ორგანოა. ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაცია (Cyberspace Administration of China – CAC) შეიქმნა 2011 წელს, როგორც ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს საინფორმაციო ოფისს (State Council Information Office) დაქვემდებარებული უწყება. CAC პასუხისმგებელია კიბერსივრცის უსაფრთხოებაზე და ინტერნეტ კონტენტის რეგულაციაზე. მისი საქმიანობა მოიცავს ონლაინ კონტენტის მართვას, კოორდინაციას და ზედამხედველობას. ამასთანავე, უწყება გასცემს ნებართვას და ლიცენზიებს ონლაინ საინფორმაციო საშუალებების საქმიანობისთვის, მათ შორის, უცხოური ინსტიტუტებისთვის. Freedom House-ის შეფასებით, ჩინეთის მთავრობას აქვს ინტერნეტის ცენზურის ყველაზე კომპლექსური აპარატი. CAC საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის ჩინეთის კომუნისტური პარტიის კობერსივრცის საკითხების ცენტრალური კომიტეტს, რომელიც წარმოადგენს უშუალოდ სი ძინპინის კონტროლს დაქვემდებარებულ პარტიულ ერთეულს. ჭუანგ ჟუნგვენი 2018 წელს დაინიშნა CAC-ის დირექტორად. ჟუნგვენი კარიერის ადრეული წლებიდანვე სი ძინპინის ზედამხედველობის ქვეშ მოღვაწეობდა. კერძოდ, 1995-2000 წლებში, სი ძინპინი ფუძიანის პროვინციის პარტიის მოადგილის პოსტზე ყოფნის პერიოდში, ჟუნგვენი პროვინციის ეკონომიკური დაგეგმვის კომიტეტში მაღალ თანამდებობას იკავებდა. 2015 წელს, ჟუნგვენი ჯერ კიბერსივრცის ადმინისტრაციას შეუერთდა, შემდეგ კი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის პროპაგანდის დეპარტამენტის ვიცე მინისტრად დაინიშნა. 2018 წლიდან, ჟუნვენი კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორის პოზიციაზე ყოფნის პარალელურად, ჩინეთის კომუნისტური პარტიის პროპაგანდის ცენტრალური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც იკავებს. ამგვარად, ჭუანგ ჟუნგვენი, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმის მინისტრები შეხვდნენ, ჩინეთში ავტორიტარული კონტროლის და კომპარტიის პროპაგანდის გავრცელებაზეა პასუხისმგებელი. თავის მხრივ, ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაცია, რომელთანაც საქართველოს იუსტიციის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა თანამშრომლობის განვითარების ინიციატივა გამოხატეს, ჩინეთში ინტერნეტის მაკონტროლებელი და ციფრული სივრცის მარეგულირებელი ორგანოა. ჟუნგვენთან გამართული მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრები მიუთითებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობების ინტენსიფიკაცია ივანიშვილის ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება. ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობის გაძლიერება ზრდის საქართველოში ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი პრაქტიკების გადმონერგვის საფრთხეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)