|
2016-03-03 11:03:09, 548 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერის გაფრთხილება: სადავო საკითხები კოალიციის შიგნით განიხილეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებებს განვახორციელებ
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კოალიციაში არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დაპირისპირებამ სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო. როგორც გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, თავდაცვის მინისტრი პირველ რიგში მთავრობის წევრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ–ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, პრემიერის შეფასებით, მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა მიუღებელია. "პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კოალიციაში სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო. არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ და რის გამო დაიწყო დაპირისპირება. ეს არ უნდა ვაკადროთ, პირველ რიგში, იმ ხალხს, ვინც 2012 წელს მხარი დაგვიჭირა, ქვეყნის მართვა გვანდო და რომლებიც საქართველოს უმრავლესობას შეადგენენ. ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს, რომ პოლიტიკოსები მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკუთარ ქმედებებსა და განცხადებებს, იფიქრონ და დასახონ ხალხის პრობლემების მოგვარების გზები. რამდენიმე დღის წინ გავაკეთე პოლიტიკური განცხადება იმის შესახებ, რომ კოალიციის წევრების მხრიდან თავდაცვის მინისტრის მისამართით ამ ტიპის საჯარო ბრალდებები მიუღებელია და დღესაც ამ აზრზე ვრჩები. თუმცა, ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ თავდაცვის მინისტრი პირველ რიგში მთავრობის წევრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ–ერთი ლიდერი. სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მიუღებელია მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ, იმისათვის, რომ უზრუნვეყოფილი იქნას ჩვენი ჯარის პოლიტიკური პროცესებისგან მაქსიმალური დისტანცირება. დაუშვებელია, რომ ჩვენთვის საამაყო ჯარისკაცები და ოფიცრები პოლიტიკაში აღმოჩნდნენ ჩართული. საქართველოს მომავლისთვის უცხო და მიუღებელია საბჭოთა კავშირის წიაღიდან წამოსული სტალინისტური სენტენციები, რადიკალიზმი და მარგინალური ფსევდოტრადიციები. „ქართული ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ეროვნულ თვითმყოფადობაზე დაფუძნებით, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს უზრუნველყოფს. სწორედ „ქართულმა ოცნებამ" მოიტანა უდიდესი ცვლილებები 2012 წელს, უფსკრულისკენ მიმავალი ქვეყანა დააბრუნა ისტორიული განვითარების გზაზე. დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს განახლების პროცესი, რაც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რომელიმე, თუნდაც ერთი ადამიანის ღვაწლის დავიწყებას. „ქართული ოცნება" აუცილებლად იქნება ისეთი ძლიერი პოლიტიკური ერთობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ეროვნულ ღირებულებებზე, განვითარებაზე, პროგრესზე და ამ გზით საქართველო არა მხოლოდ მექანიკურად შეუერთდება ევროპას, არამედ, ქართული ტრადიციული და კულტურული ღირებულებებით გაამდიდრებს ევროპულ ოჯახს და მისი სრულფასოვანი წევრი გახდება. „ქართული ოცნება" მზად არის, ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ვინც ამ პროცესს ფეხს აუწყობს, ვისთვისაც ამგვარი პოლიტიკური ხედვა სისხლხორცეული გახდება, ვინც შეძლებს, დაძლიოს ვიწროპარტიული და ჯგუფური ინტერესები და გაერთიანდეს მთავარი მიზნის – ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარშემო",-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ პარტნიორებს მოუწოდებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; "წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას",-ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)