|
2020-01-15 10:45:55, 1688 ნახვა
სამართალი
Human Rights Watch - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე სამართალდამცავთა დაუსჯელობა გადაუჭრელ პრობლემად რჩება
„საქართველოშიუფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე სამართალდამცავთა დაუსჯელობა გადაუჭრელ პრობლემად რჩება“, - ამის შესახებ Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების ანგარიშშია აღნიშნული. „დაფინანსების არქონის მიზეზით ხელისუფლებამ ორჯერ გადადო „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ ამოქმედება, რომელიც სამართალდამცავთა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოსაძიებლად შეიქმნა 2018 წელს. ამ სამსახურმა ფუნქციონირება 2019 წლის 1 ნოემბერს დაიწყო. 2019 წლის იანვრიდან სექტემბრამდე სახალხო დამცველის აპარატში 54 საჩივარი შევიდა ციხის პერსონალის და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. სახალხო დამცველმა 52 საჩივრის გამოძიების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას, მაგრამ სისხლისსამართლებლივი დევნა არც ერთ მათგანზე არ დაწყებულა“, - ნათქვამია ანგარიშში. ორგანიზაცია 20 ივნისის მოვლენებსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ მომხდარის გამო ხელისუფლება პასუხისმგებლობის ცალმხრივად დაკისრებას ცდილობდა. „20 ივნისის ღამეს პოლიციის სპეცდანიშნულების დანაყოფებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ. ამ პროტესტის მიზეზი პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაციის ყოფნა გახდა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმის ფარგლებში ეწვია საქართველოს. ზოგიერთმა დემონსტრანტმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადა, რა დროსაც პოლიციას აღჭურვილობას ართმევდა და აზიანებდა. სხვა მხრივ პროტესტი მეტწილად არაძალადობრივი იყო. სპეცდანიშნულების დანაყოფებმა, რომლებმაც თავიდან თავშეკავება გამოიჩინეს, შუაღამეს ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რეზინის ტყვიები დაუშინეს დემონსტრანტებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ისინი მისდევდნენ და აპატიმრებდნენ ხალხს, ვინც შეკრებას ცდილობდა. 240 ადამიანს, მათ შორის 80 პოლიციელსა და 32 ჟურნალისტს დასჭირდა სამედიცინო დახმარება მიღებული დაზიანებების გამო. ბევრი მოქალაქე დაიჭრა რეზინის ტყვიებით თავში, ფეხებსა და ზურგში. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა, ხოლო სასამართლომ 121 დემონსტრანტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 15 დღემდე პატიმრობა მიუსაჯა. ხელისუფლება პასუხისმგებლობის ცალმხრივად დაკისრებას ცდილობდა. დაიწყო რა გამოძიება მასობრივი არეულობის მოწყობაზე, სულ ცოტა, 19 ადამიანს წარედგინა ბრალი, რომელთაგან 15 წინასწარ პატიმრობაში რჩებოდა ამ ანგარიშის მომზადების დროს. ოპოზიციონერ პარლამენტარ ნიკა მელიას შინაპატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ დაზარალებულად 67 პოლიციელი და მხოლოდ 4 მოქალაქე სცნო, რითიც ბევრ დაშავებულ დემონსტრანტს გამოძიების მასალების გაცნობის შესაძლებლობა წაართვა. ნოემბერში, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის შემდეგ, დაზარალებულად კიდევ სამი ადამიანი იქნა ცნობილი. პროკურატურამ სამ პოლიციელს წარუდგინა ბრალი უფლებამოსილების გადამეტების და დაკავებული დემონსტრანტის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. სამივე პოლიციელი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 პოლიციელს გამოუცხადა საყვედური გადაცდომებისთვის, ხოლო 2 საქმე პროკურატურაში გადააგზავნა. პროკურატურამ სახალხო დამცველს მისცა უფლებამოსილება გასცნობოდა სამართალდამცავთა მოქმედებებზე მიმდინარე გომიძიების მასალებს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)