|
2019-10-01 15:58:03, 1898 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - EMC
ევროპულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებებს სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC) ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროპულმა სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება 23 სექტემბერს მიიღო. "ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვის შესახებ და მთავრობასთან კომუნიკაცია დაიწყო. ევროპულმა სასამართლომ, განაცხადში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა მთავრობას და მოითხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების, მათ შორის სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა. მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დროულად და პრიორიტეტულად დაიწყო, რაც, მათ შორის, ამ საქმეზე უფლების დარღვევის სიმძიმეს და კონვენციისთვის სიცოცხლის უფლების დაცვის მაღალ ხარისხსა და მნიშვნელობას უკავშირდება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისს წარედგინა. მოსარჩელეები დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლების (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე. კერძოდ, განმცხადებლების მითითებით, 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში სპეცოპერაციის ჩატარებისას თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფომ გამოიყენა არაპროპორციული და გაუმართლებელი ლეტალური ძალა, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-2 მუხლს. ოჯახის წევრები ასევე დავობენ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაზე, სპეცოპერაციის განსაკუთრებით აგრესიულ და დამამცირებელ გარემოებებში წარმართვის გამო. დამატებით, განმცხადებლები მიუთითებენ, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ზემოთ მითითებული გარემოებების თაობაზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, რაც კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების პროცედურული ნაწილისა და მე-13 მუხლის დარღვევას წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი პრაქტიკის თანახმად, მხარეებს ეძლევათ 12 კვირის ვადა მეგობრული მორიგების შესაძლო პირობებზე შესათანხმებლად. ხოლო თუ მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგა, მთავრობა ვალდებულია დამატებით 12 კვირიან ვადაში წარადგინოს თავისი მოსაზრებები განაცხადში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით. თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის მიმართ საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ევროპულ სასამართლოში საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ სიახლეებს EMC საზოგადოებას რეგულარულად მიაწვდის. მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს ევროპული სასამართლოს წინაშე იცავს ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი (EMC) და მისი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC)", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)