|
2018-12-18 16:02:15, 587 ნახვა
რეგიონი
სოფლის განვითარების პროგრამის მესამე ფაზის თანადაფინანსების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა სოფლის განვითარების პროგრამის მესამე ფაზის თანადაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აჭარა თავის წვლილს შეიტანს ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე 10 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის „ENPARD-3: საქართველოს სოფლის განვითარების ხელშეწყობა" განხორციელებაში. ეს ინიციატივა აჭარაში სოფლის განვითარების კუთხით მცირე და საშუალო ბიზნესს უწყობს ხელს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამონაწილობა 230 ათას ევროს შეადგენს. ,,დღეს გაეროს განვითარების ხელმძღვანელთან ერთად ხელი მოვაწერეთ ენპარდ 3-ის ხელშეკრულებას, რომელიც აჭარის მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. ეს გახლავთ ათ მილიონი ევროს ღირებულების პროექტი და მისი მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას, როგორც საოჯახო მეურნეობების, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. ჩვენ ძალიან დიდ რესურსს ვხარჯავთ სოფლის, მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ამ პრიორიტეტს ემსახურება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 2018-2022 წლებში ევროკავშირისა და UNDP-ის დახმარება მიმართული იქნება სოფლად არაფერმერული ეკონომიკის განვითარებაზე და სოფლის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ეფექტიანი პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაზე. „სოფლის განვითარება ახალ შესაძლებლობებს მოუტანს ყოველ სოფელს, ხელს შეუწყობს თითოეული ადამიანის ეკონომიკურ და სოციალურ წარმატებას. ჩვენი ახალი ინიციატივის განხორციელების შედეგად აჭარა მიიღებს კომპლექსურ დახმარებას, რომელიც საფუძველს ჩაუყრის რეგიონის ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების გატარებას მისი მაცხოვრებლების საკეთილდღეოდ", - განაცხადა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა, ENPARD, ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას. საქართველოში პროგრამა ENPARD 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)