20:05 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 20:40:32, 1474 ნახვა

სამართალი
შსს-მ თბილისში დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დანაშაულის პრევენციის მიზნით, აგრძელებს უკანონო იარაღის ამოღებას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღებასთან აქტიურ ბრძოლას- ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, შსს-მ თბილისში დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ორი პირი დააკავეს. 1974 წელს დაბადებულ პ.მ.-ს ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღებაში, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 1977 წელს დაბადებული გ.ბ. კი დაკავებულია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ პ.მ.-მ მიმდინარე წლის 13 აპრილს 7000 აშშ დოლარად, მართლსაწინააღმდეგოდ გაყიდა „გლოკ 17“-ის და „გლოკ 19“-ის მოდელების 2 პისტოლეტი. ასევე, დადგინდა, რომ იგი სისტემატურად ახდენდა იარაღის უკანონო რეალიზაციას. პოლიციამ პ.მ.-ს კუთვნილი იარაღის მაღაზიიდან ნივთმტკიცებად ამოიღო შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე არსებული კალაშნიკოვის სისტემის „G-47“-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და კარაბინის სისტემის შაშხანა.

მისი თანმხლები მეგობრის - გ.ბ.-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის სარდაფის ჩხრეკისას კი ამოღებულია: „გლოკ 34“-ის მოდელის პისტოლეტი, მაკაროვის სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი 8 ვაზნით, ე.წ. ბარაბნიანი რევოლვერები, სხვადასხვა მოდელისა და სისტემის იარაღი, ვაზნები, ასევე, რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი დაშლილ მდგომარეობაში.

ამოღებული იარაღის და საბრძოლო მასალის ზუსტი რაოდენობის და ვარგისიანობის დადგენის მიზნით დანიშნულია ბალისტიკური და სხვა სახის ექსპერტიზები.

ჰქონდათ თუ არა დანაშაულებრივი კავშირი დაკავებულ მეგობრებს, ერთობლივად ახდენდნენ თუ არა იარაღის უკანონო გასაღებას, მოქმედებდა თუ არა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი - ამას გამოძიება დაადგენს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს",- განაცხადა ქემოკლიძემ.


 
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
გუდვილი ასევე დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს მაღაზიათა ქსელი შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics