|
2017-11-13 10:08:30, 1849 ნახვა
პოლიტიკა
ISFED: ოზურგეთის #59 საარჩევნო უბნის შედეგები არ უნდა გაბათილდეს
#60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის დაბა ნასაკირალის #59 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენები წარმოქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა უბანზე არეულობის მოწყობისა და ამ მიზეზით უბნის შედეგების გაბათილების მიზანმიმართულ მცდელობას, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ შედეგები არ უნდა გაბათილდეს: „კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესზე სრულად დაკვირვების შედეგად, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნასაკირალის #59-ე საარჩევნო უბანზე შედეგების ბათილობის საფუძველი არ არსებობს, რადგან საარჩევნო უბანზე დამდგარი შედეგის სანდოობა ეჭვს არ იწვევს. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, #59 უბანზე ხმათა უმრავლესობა მიიღო დამოუკიდებელმა კანდიდატმა და აღნიშნული უბნის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოზურგეთის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად. ნასაკირალის #59-ე უბანზე, ხმის დათვლის პროცესის დასრულებისა და შედეგების შეჯამების შემდეგ, შემაჯამებელი ოქმის შედგენა არაგონივრულად გაჭიანურდა კომისიის თავმჯდომარის ცუდად ყოფნის მიზეზით. ამ პერიოდში, ღამის 12 საათის შემდეგ, უბანზე შეიჭრა აკრედიტაციის მქონე პირთა ჯგუფი, რომლებიც კომისიას არ აძლევდნენ მუშაობისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენის საშუალებას. მიუხედავად ამისა, კომისიის წევრებმა მოახერხეს საარჩევნო დოკუმენტაციის დაზიანებისგან დაცვა. მოგვიანებით, შეჭრილმა პირებმა დატოვეს უბანი და შესაძლებელი გახდა შემაჯამებელი ოქმის შედგენა. აღსანიშნავია, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარე შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერაზე უარს აცხადებდა, რაც დაუშვებელია საარჩევნო კანონმდებლობით. (ყველა კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შემაჯამებელ ოქმს და თუ რაიმეს არ ეთანხმება, განსხვავებული აზრი დააფიქსიროს.) ამასთან ერთად, ხმის დათვლის პროცესში ნამდვილი ბიულეტენები, რომელზეც იკვეთებოდა ამომრჩევლის ნება დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ, საუბნო კომისიამ ბათილად მიიჩნია, რაზეც „სამართლიანმა არჩევნებმა“ საჩივარი საოლქო კომისიაში წარადგინა. ნასაკირალის უბანზე განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა უბნის შედეგების გაბათილების მცდელობას, რადგან ამ უბანზე და მისი შედეგების გათვალისწინებით, ოზურგეთის ოლქშიც დამოუკიდებელი კანდიტატი იმარჯვებდა. მიუხედავად უბანზე განვითარებული მოვლენებისა, საარჩევნო დოკუმენტაციის მთლიანობას საფრთხე არ შექმნია და ამომრჩევლის ნება შემაჯამებელ ოქმში სათანადოდ აისახა. „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, მიუხედავად საკუთარი ინტერესებისა, უპირველეს ყოვლისა პატივი სცეს ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)