|
2017-05-01 21:20:22, 2086 ნახვა
ეკონომიკა
ერონული ბანკი: 2016 წელს 2015 წელთან შედარებით ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასები შემცირებული იყო
2016 წლის დასაწყისში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ოდნავ აღემატებოდა,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უკვე პარლამენტშია. „საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითად ფუნქციას ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ ფუნქციის შესასრულებლად საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. აღნიშნული რეჟიმი გულისხმობს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის წინასწარ გამოცხადებას საშუალოვადიანი პერიოდისთვის. 2015-2016 წლებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 5 პროცენტი იყო. 2016 წლის დასაწყისში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ოდნავ აღემატებოდა. 2015 წელს დაფიქსირებული აქციზური გადასახადების ზრდამ ალკოჰოლურ სასმელებზე, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდამ და გაცვლითი კურსის გაუფასურების გამო სამომხმარებლო კალათის ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე (კერძოდ, საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე) ფასების მატებამ ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა განაპირობა. შესაბამისად, უკვე 2016 წელს, ამ ეფექტის ამოწურვის შემდგომ წლიური ინფლაცია შემცირდა. 2016 წლის განმავლობაში დაბალი ინფლაციის ერთერთი მიზეზი სუსტი შიდა მოთხოვნა იყო, რაც დაბალი ეკონომიკური აქტივობის შედეგს წარმოადგენდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სურსათისა და ენერგომატარებლების გარეშე გამოითვლება, მეტწილად იმეორებდა მთლიანი ინფლაციის ტრაექტორიას, თუმცა მისი დონე მთლიან ინფლაციასთან შედარებით მაღალი იყო, რასაც სურსათის ფასების ზრდის დაბალი ტემპი და საწვავზე ფასების შემცირება განაპირობებდა“,-ნათქვამია ანგარიშში. მათივე ინფორმაციით, სამომხმარებლო კალათაში ყველაზე მნიშვნელოვანი „სურსათის და უალკოჰოლო სასმელების“ ჯგუფია, რომლის წონა 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით 31 პროცენტს შეადგენდა. 2016 წლის დასაწყისიდან სურსათის ინფლაცია მცირდებოდა და წლის მეორე ნახევარში ნულოვან ნიშნულთან ახლოს იყო. „2016 წელს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები წინა წელთან შედარებით ძირითადად შემცირებული იყო. შედეგად, მთელი წლის მანძილზე საწვავის ფასები ინფლაციის შემცირების მიმართულებით მოქმედებდა, თუმცა ივლისიდან ამ ფაქტორმა ამოწურვა დაიწყო, ხოლო დეკემბერში, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების გამო, საწვავის ფასები გაიზარდა და წლიურ ინფლაციაში მისმა წვლილმა 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ამასთან, ბანკის ცნობით, 2016 წლის განმავლობაში წინა წელთან შედარებით ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასები შემცირებული იყო. „სამომხმარებლო კალათის 1/3-ზე მეტი იმპორტირებულ პროდუქციას წარმოადგენს. 2016 წლის განმავლობაში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლის დასაწყისთან შედარებით ძირითადად მყარდებოდა; შედეგად, იმპორტირებული საქონელი წლის განმავლობაში საშუალოდ იაფდებოდა. თუმცა, დეკემბერში იმპორტირებული საქონლის ინფლაციამ 1.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო მისი წვლილი საერთო ინფლაციაში 0.3 პროცენტული პუნქტამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც წინა თვეში ეს მაჩვენებელი -0.7 პროცენტული პუნქტს უტოლდებოდა. ამ ცვლილებაში საწვავზე ფასების მატების წვლილი ყველაზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, 2016 წლის დეკემბერში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურდა, რამაც ასევე გარკვეული გავლენა იქონია ინფლაციის მატებაზე. ადგილობრივად და შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია წლის დასაწყისიდან დეკემბრამდე მცირდებოდა, რაც შეიძლება ზემოხსენებულ საბაზო ეფექტს და სუსტ შიდა მოთხოვნას დავუკავშიროთ. საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მაისისა, პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს, რომელიც შემუშავებულია "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 68-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად და მოიცავს "ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ", "ეკონომიკის მდგომარეობის ანგარიშს", "ოპერაციებისა და განსახილველი წლის განმავლობაში საქმის მდგომარეობის ანგარიშს" და აუდიტორების მიერ დამოწმებულ "საფინანსო ანგარიშგებას". ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურ ანგარიშში განხილულია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა ქვეყნის ცენტრალური ბანკი საანგარიშო პერიოდში, აგრეთვე მისი შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც საანგარიშო წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე. წლიური ანგარიში განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგერდზე - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=348
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)