|
2017-04-10 17:24:35, 1743 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზოოპარკს 19 აფრიკული პინგვინი შეემატა
თბილისის ზოოლოგიურ პარკს ბრისტოლის ზოოპარკისგან (დიდი ბრიტანეთი) საჩუქრად გამოგზავნილი 19 აფრიკული პინგვინი შეემატა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის ზოოლოგიური პარკიდან აცნობეს, 11 აპრილს, სამშაბათს, 17:00 საათზე, თბილისის ზოოპარკში ახალი ბინადრების გადმოცემის ცერემონია გაიმართება (მისამართი: მ. კოსტავას ქ. #64). მათივე ინფორმაციით, აფრიკული პინგვინების მისაღებად ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე ძველი პინგვინარიუმი გაფართოვდა, მოეწყო დამატებითი სივრცე და ქვიშიანი სანაპირო, გაკეთდა ახალი თავშესაფრები და საბუდრები. „აფრიკული პინგვინების ჩამოსვლას მოუთმენლად ელოდა ყველა. წყალდიდობამდე ზოოპარკში გვყავდა „ლივინგ ქოსთსის" ზოოპარკის ნაჩუქარი პინგვინები, თუმცა, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ შევძელით. და აი, ისინი კვლავ დაგვიბრუნდნენ. აფრიკული პინგვინები სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში არიან გავრცელებულნი, შესაბამისად საქართველოს ჰავა სრულად ესადაგება მათი სიცოცხლისთვის აუცილებელ კლიმატურ პირობებს. აფრიკული პინგვინების მიღება ჩვენთვის დიდი პატივია, რადგან ეს სახეობა გადაშენების პირასაა და სპეციალურ პროგრამაშია ჩართული",-განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ. ღონისძიებას ბრისტოლის დელეგაცია, ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის თავმჯდომარე და თბილისის საპატიო მოქალაქე დერეკ პიკაპი, ბრისტოლის ზოოპარკის განვითარების დირექტორი რიჩარდ როლინგსი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი და თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი დაესწრებიან. თბილისთან დაძმობილებული ქალაქ ბრისტოლის ზოოპარკმა თბილისის ზოოპარკისთვის აფრიკული პინგვინების ჩუქება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ გადაწყვიტა. ახალი ბინადრების გამოგზავნა დაძმობილებული ქალაქის მხრიდან მეგობრობის კიდევ ერთი ჟესტია. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ბრისტოლსა და თბილისს დაძმობილების 30 წელი უსრულდებათ.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)