2016-12-29 17:50:09, 987 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეეხვედრა გამართა საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კაი კაარელსონთან.
როგორც უწყებიდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, ვიქტორ დოლიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ელჩს, ესტონეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მუდმივი მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ელჩს გააცნო აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის პრიორიტეტები. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხებზე. სახელმწიფო მინისტრმა ესტონეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების საკითხებზე და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე.
საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. ვიქტორ დოლიძემ განიხილა 2017 წელს ნატოს სტრუქტურებთან თანამშრომლობით დაგეგმილი ღონისძიებები და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხებს და 2017 წელს ესტონეთის რესპუბლიკის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს ევროინტეგრაციის პრიორიტეტულობას.
ვიქტორ დოლიძემ ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან