|
2016-12-26 22:12:38, 951 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით მომავალი წელი ძალიან აქტიური იქნება
მომავალი წელი ძალიან აქტიური იქნება ნატო-საქართველოს ურთიერთობებში - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტებისწევრებთან უწყების ბოლო ორი თვის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ჯანელიძემ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები და მომავალ წელს დაგეგმილი მაღალი დონის ერთობლივი ღონისძიებები განიხილა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაისში გაიმართება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ამისათვის ჩვენ ყველა ერთად ვემზადებით. წლის პირველი ნახევარი ძალიან აქტიური იქნება ნატოსთან ჩვენი თანამშრომლობის. იგეგმება იანვარში ნატო-საქართველოს ერთობლივი კომისია, რომელზეც წარდგენილი იქნება სახელმწიფო მინისტრის მიერ ყოველწლიური სამოქმედო გეგმა და მისი შესრულება, თებერვალში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი, სადაც ჩვენ ასევე მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას და მოთხოვნილი გვაქვს ასევე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრის მონაწილეობით, მარტში დაგეგმილია ნატო-ს სამხედრო კომისიის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ასევე შეაფასებს ჩვენს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიმოიხილა ასევე სხვა ის მნიშვნელოვანი მაღალი დონის ღონისძიებები, რომლებიც ბოლო ორი თვის განმალობაში განხორციელდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმართულებით, მათ შორის საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, სადაც განხილული იქნა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის (SNGP) განხორციელება და ამ პროცესში მოკავშირეების მონაწილეობისა და კონტრიბუციის გაზრდის მიზნით მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა. „ჩვენ ძალიან პოზიტიური შეფასებები მივიღეთ ნატო-ს გენერალური მდივნისგან ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის კუთხით, ასევე იმ პროექტების განხორციელების კუთხით, რომელიც საქართველოში უზრუნველყოფს ნატო-ს მეტ წარმომადგენლობას" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მინისტრმა მიმოიხილა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გამართული ორმხრივი შეხვედრები და საქართველოს მონაწილეობა „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ფორმატში გამართულ შეხვედრაზე. როგორც სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის თვალსაზრისით ძირითადი კონცენტრაცია კეთდება 2018 წლის ნატო-ს გაფართოებულ სამიტზე, სადაც საქართველოს პრიორიტეტები იქნება წარმოდგენილი. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით გრძელდება ასევე დიალოგი შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით და ამ მიმართულებით მომავალშიც გაიმართება განხილვები ალიანსსა და საქართველოს შორის ყველა შესაძლო ფორმატში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)