|
2016-10-07 14:52:00, 635 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის და შს სამინისტროები ჯარისკაცებისა და პოლიციელებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ
საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სამხედროების და პოლიციელების უდიდეს ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება არ ექნებათ, უარყოფენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ამასთან, უწყება მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. „საქართველოს მთავრობის 2016 წლის 24 აგვისტოს №410 დადგენილების თანახმად, 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღისთვის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებში სპეციალური საარჩევნო უბნები არ იქმნება. ამავე დადგენილების - "ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ მე-2 მუხლის ვ) პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც ვერ ტოვებენ მუდმივი დისლოკაციის ადგილს, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო ნაწილებთან ახლოს განლაგებულ ჩვეულებრივ სამოქალაქო საარჩევნო უბნებზე. ასეთი სულ 1290 სამხედრო მოსამსახურეა. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, არჩევნების დღეს, ყველა განწესის/მორიგეობის ცვლა, შესაბამისი სამხედრო ნაწილის/ქვედანაყოფის მეთაურის ან დაწესებულების/ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ უნდა განხორციელდეს 13:00 საათამდე. შესაბამისად, განწესში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ ხმა მისცენ საცხოვრებელი რეგისტრაციის ადგილზე სამორიგეო საათების შესაბამისად. თავდაცვის სამინისტროს დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეები, როგორ საქართველოს სხვა მოქალაქეები, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ საცხოვრებელი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. გამომდინარე აქედან, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან გაკეთებული განცხადება, თითქოს სამხედრო მოსამსახურეებს არ აძლევენ ხმის მიცემის საშუალებას, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)