|
2026-04-30 13:47:40, 1453 ნახვა
პოლიტიკა
პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო ბოლო სამ წელში 58 ადგილით ჩამოქვეითდა - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველოს შეფასება 2026 წელს, გასულ წელთან შედარებით, შემცირდა. საერთაშორისო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) ანგარიშში ქართული პრესის თავისუფლება 100-დან 40.77 ქულითაა შეფასებული, რაც საქართველოს, 180 ქვეყანას შორის, 135-ე ადგილზე აყენებს. 2025 წელს ქართული პრესის თავისუფლება 50.53 ქულით იყო შეფასებული და რეიტინგში 114-ე ადგილს იკავებდა. შესაბამისად, ქვეყანა ინდექსის ანგარიშში 21 ადგილით ჩამოქვეითდა. რეიტინგში საქართველოს მსგავსი, თუმცა უფრო მაღალი შეფასებები აქვთ შრი-ლანკას, კამერუნს, ჰონდურასს, უგანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. "ოფიციალური ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას. გარემო დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის კვლავ მტრულია; იზრდება ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების რაოდენობა. "უცხოური გავლენისა" და "ოჯახური ღირებულებების" შესახებ კანონების მიღება და გამკაცრება კიდევ უფრო აძლიერებს ჟურნალისტების მარგინალიზაციას, აქცევს მათ ცენზურის საფრთხის ქვეშ და მნიშვნელოვნად ზღუდავს სიტყვის თავისუფლების სივრცეს", - ნათქვამია RSF-ის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში. ინდექსი პრესის თავისუფლებას 5 სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს. მათგან საქართველო ყველაზე მაღალ, 124-ე პოზიციაზე "სოციალური ინდიკატორის" კატეგორიაშია, სადაც 49.6 ქულა მიიღო. ყველაზე ცუდი შედეგი - 28.02 ქულა და 144-ე ადგილი - ქვეყანამ "პოლიტიკური ინდიკატორით" დაიმსახურა. ამასთან, 2025 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია ყველა კატეგორიაში გაუარესებულია: აღსანიშნავია, რომ ინდექსში საქართველო 2024 წელს 103-ე ადგილს, 2023 წელს კი 77-ე ადგილს იკავებდა. შესაბამისად, პრესის თავისუფლების შეფასება ქვეყანაში კლებით ტენდენციას მესამე წელია აგრძელებს. "მედიალანდშაფტი მრავალფეროვანია და, ამავდროულად, უკიდურესად პოლიტიკურად პოლარიზებული. მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიაში, რომელიც ქვეყნის ინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენს, ფართოდ არის გავრცელებული მანიპულაცია, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია. მედიამფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო შინაარსს, როგორც ეს მოხდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში, რომელმაც ყოფილი მფლობელისთვის გადაცემის შემდეგ სარედაქციო ხაზი შეიცვალა. იგივე ითქმის საზოგადოებრივ მაუწყებელზეც, რომელმაც მთავრობის ჩარევა განიცადა... ...მართალია, საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს პოლიტიკური პარტიების მიერ მედიასაშუალებების ფლობას, მაგრამ მსხვილი ქსელები, როგორც წესი, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული მფლობელების ინტერესებს იცავენ. იგივე ეხება სახელმწიფო მედიასაც, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ძლიერ ჩარევას განიცდის. ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ამბობს უარს კრიტიკულ მედიებთან თანამშრომლობაზე და მიმართავს ცენზურას, დისკრედიტაციის კამპანიებსა და დაშინებას. მთავრობას კვლავ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც აუცილებელი ნაბიჯია გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. წინა რეფორმებისგან განსხვავებით, რომლებიც მედიაში პლურალიზმსა და გამჭვირვალობას აძლიერებდა, მთავრობამ მიიღო "უცხოური აგენტების" რეპრესიული კანონიც კი. ჟურნალისტები ხშირად აწყდებიან სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფიზიკურ თავდასხმებსა და დაშინებას, რაც ხშირად დაკავშირებულია პოლიტიკურ დაძაბულობასა და საპროტესტო აქციებთან. რეპორტიორებზე ძალადობა გაძლიერდა და ამ დანაშაულების გამოძიება არაეფექტიანი რჩება, რაც დაუსჯელობის სინდრომს აძლიერებს. უსაფრთხოების გაუარესებული გარემო დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობისთვის მთავარ დაბრკოლებად იქცა და ხელს უწყობს ფართოდ გავრცელებულ თვითცენზურას", - ვკითხულობთ RSF-ის ვებგვერდზე საქართველოს შესახებ. რეგიონის ქვეყნებში ინდექსის შეფასება ასე გადანაწილდა: 50. სომხეთი - 67.02 ქულა
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)