15:04 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-30 13:33:23, 280 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა ომბუდსმენის სარჩელი იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობაზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონის  ნორმებით დადგენილი იძულებითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის მოქმედი წესსა და პირობებს ეხებოდა.

29 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა №1794 კონსტიტუციური სარჩელი ("საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"). სახალხო დამცველს საკონსტიტუციოში გასაჩივრებული ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 2(1) ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებებისა და "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონის 22(1) მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

"საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარის გარანტიებს, სამართლებრივი რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს, რომლებიც რეალურად და ქმედითად უზრუნველყოფს პირის დაცვას იძულებითი მკურნალობის გაუმართლებელი გახანგრძლივებისგან. იმ პირობებში, როდესაც მოქმედი სამართლებრივი მოწესრიგება ვერ უზრუნველყოფს ეფექტიან საკანონმდებლო გარანტიებს, რაც გამორიცხავს ფსიქიატრიული მკურნალობის გაუმართლებელ გახანგრძლივებას, იქმნება პირის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის რეალური რისკი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით" - წერს ომბუდსმენის აპარატი.

საკონსტიტუცო სასამართლოს განცხადებით, არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად 2026 წლის პირველი ნოემბრიდან გამოცხადდება, იქამდე კი კანონმდებლობა მოწესრიგდება. 

"საკონსტიტუციო სასამართლომ, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ბუნების, მისი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევის ინტენსივობის და სახელმწიფოს ინსტიტუციური კონტროლის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ აღნიშნული მკურნალობის ხანგრძლივობამ, პაციენტის უფლებრივი მდგომარეობის დაცვისთვის აუცილებელი საპროცესო გარანტიების არარსებობის პირობებში, შეიძლება მიაღწიოს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ზღვარს იმ შემთხვევაში, როდესაც იგი არ ეფუძნება პირის ფსიქიკური მდგომარეობის რეალურ საჭიროებას და მიმდინარეობს მაშინ, როდესაც აღარ არსებობს მკურნალობის გაგრძელების ობიექტური აუცილებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ პროცედურული გარანტიების არსებობაზე, რომელთა ერთობლიობამაც, რეალურად, უნდა უზრუნველყოს იძულებითი მკურნალობის უსაფუძვლო გახანგრძლივების პრევენცია. სასამართლომ, ამგვარ აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებად მიიჩნია, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საჭიროების რეგულარულად, გონივრული პერიოდულობით ობიექტური და მიუკერძოებელი შემოწმების პროცესის, პირისთვის მკურნალობის საჭიროების გადასინჯვის ინიცირებისა და სათანადო სასამართლო კონტროლის არსებობის ვალდებულება.

საკონსტიტუციო სასამართლომ, დაადგინა, რომ არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა ფაქტობრივად რჩება მხოლოდ ერთი კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების ფარგლებში, ეფექტიანი სასამართლო კონტროლისა და მოწვეული ექსპერტების ქმედითი ჩართულობის გარეშე, რაც ქმნის იძულებითი მკურნალობის უსაფუძვლო გახანგრძლივების საფრთხეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ შეიცავს საკმარის გარანტიებს, სამართლებრივი რეაგირების ეფექტიან მექანიზმებს, რომლებიც რეალურად და ქმედითად უზრუნველყოფს პირის დაცვას იძულებითი მკურნალობის გაუმართლებელი გახანგრძლივებისგან. შესაბამისად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმები აღარ საჭიროებდა დამოუკიდებლად შეფასებას თანასწორობის უფლებასთან მიმართებით. იმავდროულად, სასამართლომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება გადაავადა 2026 წლის პირველ ნოემბრამდე, რათა კანონმდებელს მიეცეს გარკვეული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად" - წერს საკონსტიტუციო.

რაც შეეხება სახალხო დამცველის დასაბუთებას, ომბუდსმენი განმარტავდა, რომ ვასდი ფარგლებში "პაციენტი ვერ სარგებლობს მისი უფლებების ინტენსიური შეზღუდვის დაბალანსების ადეკვატური საპროცესო გარანტიებით".

"სადავო ნორმები განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფუძვლებს, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას, გამოიყენოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა და ადგენს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას.

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის ფარგლებში, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, პაციენტი ვერ სარგებლობს მისი უფლებების ინტენსიური შეზღუდვის დაბალანსების ადეკვატური საპროცესო გარანტიებით, რის გამოც, პირი დაწესებულებაში შესაძლებელია, დარჩეს მაშინაც, როდესაც იგი აღარ საჭიროებს მკურნალობას. აღნიშნული იწვევს ადამიანის ღირსების ხელყოფას და არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებულ პირებთან შედარებით ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას.

მოპასუხე მხარის პოზიციით, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის პროცედურა იძლევა ინდივიდუალური შეფასების, მკურნალობის საჭიროების დროულად გადახედვისა და შეწყვეტის შესაძლებლობას, რის გამოც იგი არ შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის ღირსების ხელმყოფ ინსტიტუტად. იმავდროულად, იძულებით მკურნალობას დაქვემდებარებული პირები, მათგან მომდინარე მომეტებული საფრთხის გათვალისწინებით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნენ არანებაყოფლობით მკურნალობას დაქვემდებარებული პირების არსებითად თანასწორ პირებად" - წერს საკონსტიტუციო. 

საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება სრულად შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics