17:56 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-20 16:17:34, 266 ნახვა

სამართალი
სუს-მა ბათუმში ტერორისტული ორგანიზაციის ორი წევრი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აჭარის რეგიონში ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ღონისძიების ფარგლებში, ქალაქ ბათუმში დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე. - განაცხადეს სუს-ში.

"კონტრტერორისტული ცენტრისთვის აღნიშნული პირების შესახებ ცნობილი იყო, ასევე წინასწარ ვფლობდით ინფორმაციას მათი საქართველოში შემოსვლისა და შემოსვლის მიზნობრიობის შესახებ. ისინი საქართველოში ცალ-ცალკე ჩამოვიდნენ და დაბინავდნენ ნაქირავებ ბინაში. შემოსვლის დღიდანვე ორივე მათგანი იმყოფებოდა კონტრტერორისტული ცენტრის ოპერატიული კონტროლის ქვეშ, რაც მოსამართლის განჩინებების საფუძველზე ხორციელდებოდა.

გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები გაწევრიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი), რაც ასახეს ვიდეოფაილის სახით და გადაუგზავნეს ორგანიზაციის ლიდერებს, რითაც უპირობო მორჩილება გამოუცხადეს მათ. ისინი მზად იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების ნებისმიერი სახის დავალების შესასრულებლად. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დაკავებულები საქართველოდან მიემგზავრებოდნენ სხვა ქვეყანაში, სადაც უნდა შეერთებოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დაურეგისტრირებელი სიმბარათები, მობილური ტელეფონები, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ნიღბები, პირადი დოკუმენტები და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა მტკიცებულებები.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს." - აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სისტემის საიმედო პარტნიორია. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების გატარებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics