22:35 - 29 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-29 17:54:35, 245 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მოსახლეობის 56% ეკონომიკურ კრიზისს ელის – ACTR-ის კვლევა

ACT კვლევის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 56%, უახლოეს 6 თვეში ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს ელის.

გარდა ამისა, ქვეყნის 36%-ის თანახმად, მათი და მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა, 40%-ის თქმით, არ შეცვლილა, მხოლოდ 20% კი ამბობს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა.

საკვლევი ორგანიზაციის მიხედვით, ეს მიუთითებს, რომ ეკონომიკური კრიზისის შიში ჰიპოთეტური არ არის და არსებულ ფინანსურ მდგომარეობასაც ეფუძნება.

"როგორც ჩანს, შიში ეკონომიკური მომავლის მიმართ არ არის მხოლოდ თეორიული მოლოდინი, არამედ ეს განცდა უკვე არსებულ რეალობასაც ეფუძნება". - წერს ACTR.

ამასთან, ცხოვრების პირობების გაუარესებაზე პასუხისმგებლად მოსახლეობის 44% მთავრობას მიიჩნევს, 29%-ის აზრით კი დამნაშავე თავად ხალხია, 8% ოპოზიციას ადანაშაულებს, მხოლოდ 4% კი ამბობს, რომ ცხოვრება არ უარესდება. სხვა პასუხი გამოკითხვაში 7%-მა თქვა, ხოლო პასუხის გაცემა 8%-ს უჭირს. 

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 47%-ს კვებისთვის აუცილებელი პროდუქტების ყიდვა უჭირს, სამედიცინო მომსახურებისა და წამლების შეძენა კი გამოწვევებთან 55%-ისთვის არის დაკავშირებული. ამასთან, მოსახლეობის 41%-ს აუცილებელი ტანსაცმლის ყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. 

ACTR ხაზს უსვამს, რომ მოსახლეობის მოლოდინები მათ ფინანსურ გადაწყვეტილებებზეც მოქმედებს და ხარჯების შემცირებისკენ უბიძგებს.

"ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მოლოდინი არამხოლოდ მოსახლეობის განწყობებზე მოქმედებს, არამედ ცვლის მათ ფინანსურ გეგმებსაც. ეკონომიკური პესიმიზმის პირობებში მოქალაქეები იწყებენ ხარჯების გადახედვას და პირველ რიგში მზად არიან შეამცირონ ის დანახარჯები, რომლებიც არ განიხილება პირველადი საჭიროებების კატეგორიაში. სწორედ ამ პროცესში იკვეთება სექტორები, რომლებზეც ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი ხარჯების შემცირება, და სფეროები, რომლებიც კვლავ ინარჩუნებენ მაღალი ხარჯვის პოტენციალს". - წერს ACTR.

კვლევის თანახმად, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მოსახლეობა, უპირველეს ყოვლისა, ხარჯებს მომსახურების სფეროში შეამცირებს. მოსახლეობის 30% ამბობს, რომ ფინანსური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ხარჯებს მოგზაურობისა და დასვენების მხრივ შეამცირებს, ხოლო 29%-ის თქმით, გართობაზე გაწეულ ხარჯებს დაზოგავს. ტანსაცმლისა და აქსესუარების ხარჯების შემცირებას ფინანსური ვითარების გაუარესების შემთხვევაში 14% გეგმავს, 9% კი მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მხრივ აპირებს ხარჯების შემცირებას. 

გამოკითხულთა 68%-ის თქმით, შემდეგი 6 თვის განმავლობაში ჯანმრთელობისა და თავის მოვლის პროდუქტების შეძენას გეგმავს, განათლებაზე ფულის დახარჯვას კი გამოკითხულთა 40% აპირებს. 29%-ის თქმით, მსხვილ ტექნიკას/ელექტროტექნიკას შეიძენენ, დასვენებასა და მოგზაურობაზე კი ფულს 26% დახარჯავს. 

გამოკითხულთა შედარებით დაბალი ნაწილი ამბობს, რომ შეიძენს ავტომობილსა და უძრავ ქონებას - 22% და 21% ამ რიგითობით. ყველაზე ცოტა ადამიანი ამბობს, რომ მომდევნო 6 თვეში ფულად ინვესტიციას გეგმავს - 19%. ACTR-ის თანახმად, ეს ასახავს, რომ "არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოში მოსახლეობა ნაკლებადაა მიდრეკილი რესურსების რისკიან აქტივებში განთავსებისკენ". 

"საბოლოოდ, ნათლად იკვეთება, რომ მოსახლეობაში არსებობს ეკონომიკური დაღმასვლის მოლოდინი, რაც გავლენას ახდენს მათ ფინანსურ გეგმებსა და ხარჯვით პრიორიტეტებზე. მთავარი აქცენტი კეთდება საარსებოდ მნიშვნელოვან საჭიროებებზე, ხოლო შედარებით არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებები — როგორიცაა მოგზაურობა, დასვენება, გართობა — ნაკლებად პრიორიტეტული ხდება". - წერს ACTR. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Amazon-მა ორბიტაზე პირველი ინტერნეტ თანამგზავრები გაუშვა
ტრამპი- შესაძლოა, საბოლოოდ უკრაინის მხარეს ვიყო, მაგრამ არა აუცილებლად ზელენსკის მხარეს
მიხეილ სააკაშვილი - ნანუკა ჟორჟოლიანს ერჩიან იმიტომ, რომ შურთ და ეშინიათ მისი
აქციებზე მყოფი პოლიციელების კვებაზე, გამარტივებული შესყიდვით, 100 000 ლარის დახარჯვა იგეგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი