|
2024-11-27 14:00:56, 325 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილმა სამთავრიბო პროგრამის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ მიმართულებებზე ისაუბრა
საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებულ ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებზე. მისი თქმით, კვლავ შენარჩუნდება ფისკალური დისციპლინა და ბიუჯეტის დეფიციტი მუდმივად დაიგეგმება ორგანული კანონით დასაშვები 3%-იანი დეფიციტის ფარგლებში.
როგორც მან აღნიშნა, შენარჩუნდება ეკონომიკისთვის ოპტიმალური მოცულობის კაპიტალური ინვესტიციები და საქართველო საშუალოვადიან პერიოდში შეინარჩუნებს კაპიტალური ხარჯების 6-7%-იან დონეს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით.
მისი თქმით, 2025−2028 წლებში ვალის მაჩვენებელი შენარჩუნებული იქნება მის უსაფრთხო დონეზე, რაც გულისხმობს მშპ-სთან მიმართებით არაუმეტეს 40%-იან მაჩვენებელს. პორტფელის დივერსიფიცირება უზრუნველყოფილი იქნება საშინაო და საგარეო წყაროების ჯანსაღი კომპოზიციით.
როგორც მან აღნიშნა, გაგრძელდება მუშაობა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით, ასევე ხაზინის რეფორმები, როგორც საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) დამატებით შემოღების ისევე, ხაზინის ერთიანი ანგარიშის მომცველობის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას საჯარო სექტორში. გაგრძელდება მუშაობა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის (PIFC) მდგრადი და უწყვეტი განვითარების მიმართულებით, რომელიც მოიცავს ძლიერი მენეჯერული ანგარიშვალდებულების, უფლებამოსილების დელეგირების, რისკების მართვის სისტემისა და ეფექტიანი შიდა აუდიტის მექანიზმს. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, გაგრძელდება ანგარიშგების პორტალის (Reportal.ge) მართვა, რისკზე დაფუძნებული მიდგომით წარდგენილი ანგარიშგებების სტანდარტებსა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება, რაც უზრუნველყოფს ანგარიშგებების ხარისხის ამაღლებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ზრდას. კონკურენტული გარემოს შესაქმნელად და საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება საგადასახადო შეღავათების სისტემის ანალიზი. სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, გაუმჯობესდება სახელმწიფო საწარმოების კორპორაციული მართვა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. გაძლიერდება სახელმწიფო საწარმოების ანგარიშვალდებულება და სტრატეგიული მართვა. რეფორმა ითვალისწინებს სახელმწიფო საწარმოების შესახებ, ჩარჩო კანონის მიღებას, რომელიც შექმნის რეფორმის ძირითადი მიმართულებების განხორციელების მკაფიო საკანონმდებლო საფუძველს. როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ეკონომიკური მდგრადობის ზრდის, საგარეო მოწყვლადობის შემცირების, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და მმართველობის მაღალი ხარისხის ფონზე, მთავრობის მიზანია, შეინარჩუნოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების ტენდენცია, რაც შესაძლებელს გახდის საკრედიტო რეიტინგის საინვესტიციო დონის მიღწევას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)