|
2024-05-09 14:06:49, 557 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობოები - მოქალაქეებზე თავდასხმის თითოეულ შემთხვევას ბოლომდე მივყვებით და დამნაშავეთა გამოვლენას უზრუნველვყოფთ
აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას წინა კვირებში გამართულ აქციებზე თუ ახლა - აუცილებლად ბოლომდე მივყვებით, მოვითხოვთ და უზრუნველვყოფთ დამნაშავეთა გამოვლენას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით განაცხადეს. მათი თქმით, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს დაანონსებული „საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები“ უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა. „8 მაისის ღამეს ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და ნაადრევად დაიწყო იმის ჩვენება, თუ როგორ ქვეყანად აპირებენ საქართველოს ქცევას. ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს დაანონსებული საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა - ასობით მოქალაქესთან განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ზარები პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და ორგანიზებულ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ოლიგარქსა და მის მარიონეტებს ავიწყდებათ, რომ საქართველო არ არის რუსეთი. ქართველებმა ვიცით თავისუფლების ფასი. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ჩვენს ბრძოლას რუსული უშიშროების სამსახურების მეთოდებით ვერაფერს დააკლებენ. ადამიანზე მიპარვით ზურგიდან თავდასხმას, სადარბაზოებში დევნას, ან მცირეწლოვანი ბავშვისთვის კარის შემტვრევის მცდელობას ქართველი არასოდეს მოიწონებს. ასე იქცევა რუსული რეჟიმი. ჩვენ სამართლებრივ დახმარებას ყველა დაზარალებულს გავუწევთ. აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას - წინა კვირებში გამართულ აქციებზე თუ ახლა - აუცილებლად ბოლომდე მივყვებით, მოვითხოვთ და უზრუნველვყოფთ დამნაშავეთა გამოვლენას. თავისუფლება ქართველი ხალხისთვის მთავარი ღირებულებაა. ამიტომ ვდგავართ და ვიდგებით საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე, რუსული მეთოდებისა და ძალადობისაგან ამ ქვეყნის დასაცავად. ამ ბრძოლას ქართველი ხალხი გამარჯვებით დაასრულებს, მოძალადეებს კი სათანადო პასუხი აუცილებლად მიეზღვებათ“, - განაცხადეს ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ცნობისთვის, წუხელ გვიან ღამით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ დიმიტრი ჩიქოვანზე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორ, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძესა და "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარ გია ჯაფარიძეზე, რომელიც "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძმაა, თავდასხმა განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)