|
2023-11-12 14:33:17, 778 ნახვა
სამართალი
სუს-ის მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. როგორც დაკავებულების ადვოკატმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, დაცვის მხარე, საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო, მოითხოვდა, რომ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოყენებულიყო. "დღეს სასამართლომ იმსჯელა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ. ბრალდების მხარე ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით მათ მიმართ გამოყენებული ყოფილიყო დაპატიმრება, ხოლო დაცვის მხარე, ვინაიდან დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით არ იყო საკმარისი მტკიცებულებები, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ მათ მიმართ არ ყოფილიყო გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, თუმცა სასამართლომ მათ მიმართ ამ ეტაპზე გამოიყენა დაპატიმრება",- განაცხადა დაკავებულების უფლებადამცველმა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, როგორც პროკურომა ჟურნალისტებთან განმარტა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოუყენებლობის შემთხვევაში, არსებობდა როგორც მიმალვის, ისე ახალი დანაშაულის ჩადენისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. "სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არსებობდა ორივე ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. კერძოდ, არსებობდა მათი მხრიდან მიმალვის საფრთხე, ახალი დანაშაულისა და გამოძებისთვის ხელის შეშლის საფრთხე",- თქვა პროკურორმა. შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე გუშინ, 11 ნოემბერს დააკავა. სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და მისთვის საქართველოში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადების ფაქტზე დააკავეს. "კონტრტერორისტულმა ცენტრმა სპეციალური ოპერაცია ქალაქ თბილისში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა, სახის ნიღბები, ელექტრო შოკები, უცხო ქვეყნის ყალბი პირადი დოკუმენტები, ფეთქებადი ნივთიერებები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით",- ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში. სუს-ის ცნობითვე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პირველი პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)