|
2023-08-05 18:41:47, 989 ნახვა
საზოგადოება
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, შოვში დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. მღებრიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. „დღეს ნანახია 5 ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში. საერთო ჯამში, სტიქიის ზონაში 16 ცხედარია მოძიებული. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ცხედრები ნანახია ერთი და იგივე ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე",- განაცხადა მღებრიშვილმა. მისი თქმით, აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკის შეყვანის შესაძლებლობას იძლევა. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში, ღამის განათებებით უწყვეტად გაგრძელდება. "რაც შეეხება, სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობას დღეს დილიდან აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ სტიქიის ზონაში შევიყვანოთ ყველა საჭირო ტექნიკა. მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად გავაგრძელებთ სამუშაოებს, არის ღამის განათებები და საძიებო სამუშაოები გაგრძელდება 24-საათიან სამუშაო რეჟიმში. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს ორი მანქანა აღმოვაჩინეთ მდინარის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული მანქანების ამოყვანა მდინარის კალაპოტიდან. შიგნით არ აღმოჩნდნენ ადამიანები. ერთ-ერთი მანქანის მეპატრონეები დადგენილი გვყავს და ცოცხლები და ჯანმრთელები არიან“, - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მოწმდება და ხდება მასზე რეაგირება. „რაც არ უნდა ალოგიკურად მოეჩვენოს ვინმეს, ვამოწმებთ ნებისმიერ ინფორმაციას. ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაციები. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერების საშუალებით და მოვუწოდო, თუკი ვინმე საჭიროდ ჩათვლის ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადამოწმებას, მოგვმართოს როგორც ცხელ ხაზზე, ასევე 112-ში დააფიქსიროს ზარი და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მყისიერად მოხდება ყველანაირი სახის ინფორმაციის გადამოწმება“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. შეგახსენებთ, შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათისთვის ჩამოწვა. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 200-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი, 20-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა. მესამე დღეა, სტიქიის ეპიცენტრში სამძებრო-სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. შოვში ამ დრომდე ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)