|
2023-02-15 12:00:07, 926 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია 12 პრობლემური კვანძის მოწესრიგებას ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთიდან იწყებს
დღეიდან თბილისის მერია დედაქალაქში არსებული 12 პრობლემური კვანძის მოწესრიგებას ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთიდან იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში კომფორტულად გადაადგილების მიზნით, ქუჩები ახლებური დიზაინით მოეწყობა. „დედაქალაქში მდგრადი და კომფორტული გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, გამართული ავტობუსების რაოდენობა ან გზების რეაბილიტაცია, არამედ ქუჩის დიზაინი. ქუჩის ახალი დიზაინი ორიენტირებულია უსაფრთხო გადაადგილებაზე. პრიორიტეტი ენიჭება ტროტუარების გაფართოებას, ქვეითთა პანდუსებისა და ადაპტირებული გადასასვლელების მოწყობას. პარალელურად, მიმდინარეობს ახლომდებარე რეკრეაციული და საჯარო სივრცეების რეაბილიტაცია. ამჟამად, დედაქალაქში არის 12 პრობლემური კვანძი, რომელიც იწვევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის 1 500-მდე ბრუნის ჩავარდნას. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით, 100 000-მდე მგზავრი ვერ იღებს სათანადო მომსახურებას. ამ პრობლემური კვანძების უმრავლესობა მდებარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის 10 ძირითად დერეფანზე და გავლენას ახდენს ავტობუსის მარშრუტების გამართულ ფუნქციონირებაზე. დაპირებისამებრ, ვიწყებთ აღნიშნული კვანძების მოწესრიგებას. კერძოდ, დღეიდან დაიწყება ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე სამუშაოები, შაბათიდან, თავხელიძის ქუჩიდან, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით დაიწყება სამუშაოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა საზოგადოებას ფოტომასალა წარუდგინა, თუ როგორი იქნება რეაბილიტაციის შემდეგ ჟვანიას მოედანი. „ჟვანიას მოედანზე, რომელიც დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული კვანძია. მოწესრიგდება ქვეითთა და საავტომობილო ნაკადების მოძრაობა, მოედანი ადაპტირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრის საჭიროებებზე, რათა სრულად უზრუნველყოს მათი კომფორტული გადაადგილება, ან გადაჯდომა შესაბამის მარშრუტებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას იქნება გარკვეული შეზღუდვები, თუმცა, სატრანსპორტო საშუალებები არსებული სქემის მიხედვით გადაადგილდებიან. „საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ უცვლელად, არსებული სქემის შესაბამისად. აღნიშნულ საგზაო მონაკვეთებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის 42 სამარშრუტო ხაზი გადის, რომლის საშუალებით, დღის განმავლობაში, 200 000-ზე მეტი მგზავრობა ხორციელდება. ამ ადგილების მოწესრიგება მნიშვნელოვანია და ეტაპობრივად სხვადასხვა ქუჩაზე გადავინაცვლებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)