|
2022-12-06 23:12:53, 1082 ნახვა
საზოგადოება
თბილისსა და რომს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
ურბანული განვითარება და რეგენერაცია, გარემოს გაუმჯობესება, კულტურა, ინკლუზია, ინოვაცია - ეს ის საკითხებია, რა მიმართულებითაც იტალიის და საქართველოს დედაქალაქები დღეიდან უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ. თბილისსა და რომს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი დედაქალაქების მერებმა - კახა კალაძემ და რობერტო გუალტიერიმ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია, ხელს შეუწყოს მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას, დაიგეგმოს საერთო ღონისძიებები, მოხდეს გამოცდილების გაზიარება ურბანული, ეკონომიკური თუ გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრაში. მემორანდუმის ხელმოწერა რომის მერიაში, კახა კალაძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. „მოხარული ვარ რომ ვმასპინძლობ თბილისის ოფიციალურ დელეგაციას კახა კალაძის ხელმძღვანელობით. ეს არის კიდევ ერთი დასტური მეგობრული ურთიერთობებისა ჩვენს ქალაქებსა და ხალხს შორის. დღეიდან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობა გვეძლევა. მემორანდუმის გაფორმება კარგი საფუძველია იმ საკითხებში თანამშრომლობის, რაც საერთოა ჩვენთვის. ვგულისხმობ კულტურას, გარემოს დაცვას, ურბანული თემებს. ჩვენ ძველი და დიდი ტრადიციების მატარებელ ქალაქებს წარმოვადგენთ, რომლებიც საუკუნეებს ითვლის და მოხარული ვარ, რომ გვიწევს ამ ურთიერთობების გაღრმავება“, - განაცხადა რობერტო გუალტიერიმ. თბილისის მერმა იტალიის დედაქალაქში ვიზიტი შეაჯამა და მას წარმატებული უწოდა. „ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რომთან. ძალიან მიხარია, რომ ეს ურთიერთობები ღრმავდება და კიდევ უფრო საინტერესო ხდება. წელს აღვნიშნავთ იტალიასთან დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს, თუმცა, მგონია, რომ ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მოგვცემს. ამ მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით შევძლებთ თანამშრომლობას. ეს იქნება კულტურა, ურბანული მიმართულება, ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, გავიზიარებთ იმ დიდ გამოცდილებას, რომელიც რომს გააჩნია და საუკეთესო მაგალითებით იქნება განხორციელებული სხვადასხვა პროექტი ჩვენს დედაქალაქში. ამ ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გავეცანით ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც რომში ხორციელდება. ეს არის მეტროსადგურის ახალი ხაზის მშენებლობა, სადაც 30 სადგური აშენდება. რამდენიმე მილიარდი ევრო ჯდება ამ პროექტის განხორციელება. 2006 წელს დაიწყო და მომდევნო 2 წლის განმავლობაში იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. რომის მერიაში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე დაესწრნენ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)