|
2022-04-06 12:08:39, 1343 ნახვა
საზოგადოება
DRI მიიჩნევს, რომ 5 ივლისის ძალადობრივი დარბევის ორგანიზატორები დაუსჯელები რჩებიან
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ 5 ივლისის ძალადობრივი დარბევის ორგანიზატორები დაუსჯელები რჩებიან. როგორც, DRI აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე ნინო ელიეშვილმა ლექსო ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდზე ექვსი პირი დამნაშავედ ცნო ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობაში, 2022 წლის მარტის მდგომარეობით, 5 ივლისის წინასწარ ორგანიზებული, სიძულვილით მოტივირებული ჯგუფური ძალადობის არცერთი ორგანიზატორი არ არის დაკავებული. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლის შეფასებით, სასამართლო სხდომებზე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ორგანიზატორების სისხლისსამართლებრივ ბრალეულობაზე არაერთი მტკიცებულება მიუთითებდა. „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ის 5 ივლისს, „სირცხვილიას“ ოფისთან პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სიძულვილის ჯგუფების მხრიდან მძიმე ფიზიკური დაზიანებების მსხვერპლი გახდა. ლექსო ლაშქარავას თავდასხმის შემდეგ ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე 5 ივლისს ლექსო ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას მიმართ ძალადობის საქმის განხილვაში მსჯავრდებულია 6 პირი. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიეშვილმა აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, დავით კუტალაძე, გია გიგუაშვილი და ოთარ გელაშვილი დამნაშავეებად ცნო ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობაში, ასევე, დევნასა (ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში, რაც ჩადენილი იყო ძალადობის მუქარით. ბრალდების მხარის მიერ საბრალდებო დასკვნაში გათვალისწინებული სიძულვილის მოტივი განაჩენის გამოცხადებისას არ გაჟღერებულა. რაც შეეხება ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდში ჯანმრთელობის დაზიანებაზე წარდგენილ ბრალს, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, დავით კუტალაძე, გია გიგუაშვილი და ოთარ გელაშვილი დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში. ამისთვის მათ სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ცოტნე ჩიხლაძის თავდაპირველი ბრალი - დამამძიმებელ გარემოებებში (მსხვერპლის სამსახურებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ჯგუფურად) ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გადაკვალიფიცირდა ძალადობად. თავდაპირველად წარდგენილი ბრალის დადგენის შემთხვევაში ცოტნე ჩიხლაძის მიმართ სასჯელი განისაზღვრებოდა 7-დან 10 წლამდე. ილია თვალიაშვილის, ვახო ქარელის, ზურაბ ცერცვაძის და თამარ თათარაშვილის ეპიზოდი (ე.წ. მოპედის ეპიზოდი) თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა ზაზა ჭაავა, მურად დევლარიშვილი, გენო გერმანიშვილი, გიორგი ხეჩუაშვილი, თედო ბურდული, გიორგი წარუაშვილი და გიორგი მაღრაძე დამნაშავეებად ცნო ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში. მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალი ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობის შესახებ გადააკვალიფიცირა ძალადობის მუხლზე, რისთვისაც მაქსიმალურ სასჯელად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. სასამართლომ ბრალდებულები ასევე დამნაშავედ ცნო დევნასა (ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში (ჩადენილი ძალადობის მუქარით). ბრალდების მხარის მიერ საბრალდებო დასკვნაში გათვალისწინებული სიძულვილის მოტივი განაჩენის გამოცხადებისას არ გაჟღერებულა. ზაზა ჭაავამ მისივე მოპედით დაზიანება მიაყენა ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს, თამარ თათარაშვილს, ასევე სცადა, მოპედით დასჯახებოდა იქ მყოფ სხვა ჟურნალისტებსაც. ბრალდებული არაერთმა მოწმემ ამოიცნო. გენო გერმანიშვილმა, გიორგი ხეჩუაშვილთან და თედო ბურდულთან ერთად ჯგუფურად იძალადა „ფორმულას“ ფოტოგრაფ ვახო ქარელზე. მათ ზევით მითითებულ მუხლებთან ერთად დაუდგინდათ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში. სამივეს - გერმანიშვილს, ხეჩუაშვილსა და ბურდულს - სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. მურად დევლარიშვილს, რომელმაც „ნიუსპოსტის“ ფოტოგრაფ ზურაბ ცერცვაძეზე იძალადა, სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ცოტნე ჩიხლაძე, გიორგი წარუაშვილი და გიორგი მაღრაძე თავს დაესხნენ „პირველი არხის“ ოპერატორს, ილია თვალიაშვილს. სამწუხაროდ, ბრალდების მხარეს ილია თვალიაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოსთვის არ წარუდგენია, რამაც მძიმე დანაშაულის უფრო მსუბუქ დანაშაულად გადაკვალიფიცირება გამოიწვია. ბრალდებულებს სასჯელად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 3 თვის ვადით. რატი წვერავას, თორნიკე მანდარიას, დეა მამისეიშვილის, დათუნა ახალაძის, დავით ქორიძის და სხვ. დაზარალებულების ეპიზოდები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რომეო კეკუტია, გიორგი კახიანი, გიორგი ნასყიდაშვილი, ილია ქებაძე, თემურ ხარაული და უშანგი დათუნაშვილი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში. მოსამართლემ ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალი ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობის შესახებ ძალადობის მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც მაქსიმალური სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ ბრალდებულები ასევე დამნაშავედ ცნო დევნასა (ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში (ჩადენილი ძალადობის მუქარით). ბრალდების მხარის მიერ საბრალდებო დასკვნაში გათვალისწინებული სიძულვილის მოტივი განაჩენის გამოცხადებისას არ გაჟღერებულა. რომეო კეკუტიას ეპიზოდი მოიცავს „ფორმულას“ ჟურნალისტის, რატი წვერავას მიმართ განხორციელებულ ძალადობას. რომეო კეკუტიას გარდა, წვერავაზე დაახლოებით 30-მდე პირმა იძალადა, თუმცა წვერავას მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე მსჯავრი მხოლოდ რომეო კეკუტიას დაედო. გიორგი კახიანმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს, თორნიკე მანდარიასა და დავით ქორიძეს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. გიორგი ნასყიდაშვილის ეპიზოდი მოიცავს „იმედის“ ჟურნალისტის, დიტო ყირიმლიშვილისა და ოპერატორის, შოთა მკერვალიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. გიორგი ნასყიდაშვილი სასამართლო სხდომებზე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. ილია ქებაძის ეპიზოდი მოიცავს „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, დათუნა ახალაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. დათუნა ახალაძისა და დეა მამისეიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ასევე მონაწილეობდა თემურ ხარაული. უშანგი დათუნაშვილი იყო საქმეში ერთადერთი ბრალდებული, რომელიც მიმართ საქმის განხილვის ეტაპზე, საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეიცვალა. მას სასამართლომ სასჯელის სახით 5 000 ლარი განუსაზღვრა. დათუნაშვილის ეპიზოდი „რუსთავი 2“-ის ოპერატორ ბექა ათაბეგაშვილზე ძალადობას მოიცავს. ზაზა მჭედლიძემ „ტაბულას“ ჟურნალისტ მაკა ჯაბუასა და „იმედის“ ოპერატორ შოთა კერვალიშვილის მიაყენა ფიზიკური დაზიანება. გიორგი ნასყიდაშვილს, გიორგი კახიანს, რომეო კეკუტიას, ზაზა მჭედლიძეს შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულები, უკვე 9 თვეა, დაკავებულები არიან, მათ საპატიმროში 6 თვის გატარება მოუწევთ. ორ მსჯავრდებულს, ილია ქებაძესა და თემურ ხარაულს განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 2 თვის ვადით." - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო განხილვა კიდევ ორ საქმეზე გრძელდება. 2022 წლის 4 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის მოვლენებზე მიმდინარე ხუთი საქმიდან სამ საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სასამართლომ დამნაშავედ ყველა ბრალდებული ცნო უშანგი დათუნაშვილის გარდა, ყველა მათგანს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)