|
2019-07-18 13:13:19, 1199 ნახვა
კომენტარი
ხალვაში: სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა მრავალწლიან დავას, ეჭვი აღარ არსებობს, რომ R2-ის ერთადერთი მესაკუთრე მე ვარ
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში სტრასბურგის გადაწყვეტილებას მიესალმება. როგორც ხალვაშის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის საბოლოო წერტილი დაუსვა. "ექსპრესნიუსი" ხალვაშის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა ჩემს მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის და დაადასტურა, რომ 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო. დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ და რომ ეს კომპანია მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამართვეს. დღეს სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა მის მიერვე დაწესებული დროებითი შეზღუდვა. ახლა უკვე საბოლოოდ მოხსნილია უკანასკნელი ბარიერი, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტთ დროებით ღონისძიების როგორც დაწესების, ისე გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ საჩივრდება და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც დავიბრუნე ტელეკომპანია. აქვე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ გარემოებას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ტოვებს არანაირი განსხვავებული ინტერპრეტეაციის სივრცეს და ცალსახად ადასტურებს, რომ ეს გამარჯვება სამართლიან და კონკურენტულ ბრძოლაში მოვიპოვე და რომ საქართველოში მართლსაჯულების განხორციელების პროცესში არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცით დაცული არცერთი უფლება. ბუნებრივია, ამ ეტაზე მთავარი კითხვა, რაც ჩემს მიმართ შესაძლოა არსებობდეს, მდგომარეობს იმაში, თუ რა იქნება ჩემი პირველი ნაბიჯები და როგორ წარმომიდგენია „რუსთავი 2“-ის მომავალი. ამ კითხვაზე საკმაოდ მკაფიო პასუხი მაქვს! არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული. არ ჩავერევი „რუსთავი2”-ის ჟურნალიტების პროფესიულ საქმიანობაში. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით. ამავდროულად, ვიზურნვებ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე და ყველნაირად ხელს შევუწყობ მათ ამ საქმეში. იმედი მაქვს, რომ კომპანიის თანამშრომლები ადეკვატურად შეხვდებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გააგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას და ჩვენ ყველანი ერთად ვიზრუნებთ, რომ „რუსთავი2“ იყოს წარმატებული და პოპულარული არხი. ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს. ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით. მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას - უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, თანამებრძოლს და პირველ რიგში ჩემს ოჯახს ამ მრავალწლიან ბრძოლაში მხარდაჭერისა და თანადგომისათვის! ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი კაცის გამარჯვება. მე, ქიბარ ხალვაშმა, დღეს საბოლოოდ გავიმარჯვე იმ ათობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის სახელით, ვისაც მოძალადე რეჟიმმა სხვადასხვა დროს წაართვა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომით მოპოვებული ქონება, შეულახა ღირსება! ამ კონტექსტში, არ შემიძლია, პირველ რიგში არ ვახსენო დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რადგან მე დღეს მათი სახელითაც გავიმარჯვე. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ტელევიზიის დაბრუნებისათვის ჩვენ ერთად უნდა გვებრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკუთარი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლაში, საწყის ეტაპზე ვერ შედგა, დღეს, როდესაც გავიმარჯვე, კვლავ მზად ვარ, მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესი. ამ ეტაპზე რთულია დეტალებზე საუბარი, რადგან პირველ რიგში გასარკვევია, თუ რა მდგომარეობაში მყოფ კომპანიას ვიბარებთ“, - ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)