|
2018-10-23 21:26:38, 1553 ნახვა
პოლიტიკა
ლიეტუვაში შორის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის ოქმი გაფორმდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-5 სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი. ოქმის მიხედვით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის ფარგლებში, დელეგაციებმა პრიორიტეტულ სფეროებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობათა გაღრმავების საკითხები განიხილეს. კერძოდ, მხარეებმა ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის, ასევე, ზოგადად, აღმოსავლეთ პარტნიორობით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობის ათვისების აუცილებლობის შესახებ იმსჯელეს. ოქმში აღნიშნულია, რომ მხარეები მიესალმნენ ევროკავშირის სამი ასოცირებული პარტნიორის - საქართველოს,მოლდოვას და უკრაინის მონაწილეობით სავაჭრო საკითხებზე გამართულ მინისტერიალს და შეთანხმდნენ სრულად აამოქმედონ ეს ფორმატი, მათ შორის რეგულარული შეხვედრების გამართვის გზით, რომლებიც ასოცირების შეთანხმებებით გათვალისწინებულ პოლიტიკური და სექტორული თანამშრომლობის საკითხებს დაეთმობა. დელეგაციებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავის აღნიშვნაზეც ისაუბრეს. დოკუმენტის მიხედვით, ეს საიუბილეო თარიღი მართლაც მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია. ეს არის ეტაპი არა მხოლოდ მიღწეული შედეგების შესაფასებლად და საქართველოს მოქალაქეებისა და ევროკავშირისთვის გასაცნობად, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი მიზნების გასააზრებლადაც. „აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა ყოვლისმომცველი და ამავდროულად კიდევ უფრო დიფერენცირებული უნდა გახდეს, და ევროკავშირთან მიმართებაში თითოეული პარტნიორი სახელმწიფოს განსხვავებულ მიდგომას და რეფორმების განხორციელების პროცესში მის მიერ მიღწეულ კონკრეტულ პროგრესს უნდა ასახავდეს" - ნათქვამია დოკუმენტში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ „მეტი მეტისთვის" პრინციპი წარმატებულად მოქმედებს და ის არ უნდა შემოიფარგლებოდეს ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ ფინანსური დახმარების გაწევით და პოლიტიკურ რეაგირებასაც უნდა მოიაზრებდეს. საქართველოს დელაგაციამ ლიეტუვის დელეგაციას ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა „ROADMAP2EU" გააცნო, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმებთან და ინსტრუმენტებთან ერთად (როგორიცაა ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტი, აღმოსავლეთ პარტნიორობა), ამ მექანიზმების მიღმა არსებული ინტეგრაციის შესაძლებლობების გამოვლენასა და მათი ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფასაც ისახავს მიზნად. დოკუმენტის მიხედვით, ლიეტუვის მხარე ითანამშრომლებს საქართველოსთან იმისათვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკამ საქართველო რეალურ შედეგებამდე მიიყვანოს. ამ კონტექსტში, მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე უკვე მიღწეულ ხელშესახებ შედეგზე - უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე გაამახვილეს ყურადღება. მათი თქმით, უვიზო მიმოსვლა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერებისა და საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის უკვე არსებული ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების გააქტიურების კუთხით. დოკუმენტის მიხედვით, დელეგაციებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ნატოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება ხელს შეუწყობს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას. საქართველოს მხარემ დაადასტურა, რომ ნატოს წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, რომლის მიღწევასაც საქართველო წლიური ეროვნული პროგრამით განსაზღვრულ სფეროებში რეფორმების განხორციელების გზით გეგმავს. საქართველოს დელეგაციამ მადლობა გადაუხადა ლიეტუვას ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისა და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის. თავის მხრივ, ლიეტუვის დელეგაციამ დაადასტურა, რომ ის კვლავ მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას, და მზადაა დაეხმაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ამბიციების რეალიზებისა და ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების აღმოფხვრის მიმართულებით. დელეგაციებმა სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობაზეც ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დეზინფორმაციის საფრთხეებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისა და მედიაწიგნიერების სფეროში საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე გამახვილდა. დოკუმენტის ნაწილი რუსეთ-საქართველოს ომს ეთმობა. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ლიეტუვა სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას, მათ შორის, ბოლოდროინდელ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". საქართველოს დელეგაციამ მადლიერება გამოხატა ლიეტუვის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირებისთვის შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის. ოქმის ნაწილი ორი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზეც ამახვილებს ყურადღებას. დოკუმენტის მიხედვით, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს შეისწავლონ ეკონომიკურ, სავაჭრო და საინვესტიციო სფეროში არსებული შესაძლებლობები. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობები და დინამიური და დატვირთული ორმხრივი დღის წესრიგი.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)