|
2018-05-31 16:14:12, 1069 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი: განაჩენი ადასტურებს, რომ გამოძიებამ ხორავაზე მომხდარ მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად არ გამოავლინა
„სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადასტურებს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ წარმოშობილ ეჭვებს, რომ გამოძიებამ გარდაცვლილი სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად არ გამოავლინა”, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებაშია აღნიშნული. ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში მონაწილე სხვა პირების გამოსვლენად. “ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის სრულყოფილი გამოძიება და ამ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულება სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს. გ.ჯ.-ს ბრალი ედებოდა ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ხოლო გ.ბ.-ს – ჯგუფურად, დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობასა და არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში. სასამართლომ მკვლელობის ჯგუფურად განხორციელება არ ჩათვალა დადასტურებულად და აღნიშნული, როგორც მკვლელობის დამამძიმებელი გარემოება ორივე ბრალდებულის მიმართ მოხსნა. სასამართლომ გ.ჯ. დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის მკვლელობის მხოლოდ მცდელობაში, რადგან დადასტურებულად არ ჩათვალა მის მიერ სასიკვდილო ჭრილობის მიყენება; გ.ბ. დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში იგი გაამართლა. მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს გამოძიების საქმის მასალებზე წვდომა მხოლოდ განაჩენის გამოტანის შემდგომ აქვს. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველი სრულად შეისწავლის საქმის მასალებს, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლომ გამოიტანა განაჩენი. სახალხო დამცველის განცხადებით, ამ ეტაპზე, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადასტურებს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ წარმოშობილ ეჭვებს, რომ გამოძიებამ გარდაცვლილი სალარიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად არ გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებული მხარე აღნიშნულ გარემოებაზე ღიად აპელირებდა, გამოძიება სხვა პირების მიერ მკვლელობის ფაქტზე დღემდე არ დაწყებულა და პროკურატურა გამორიცხავდა მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობას. სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მკვლელობაში ყველა მონაწილე დამნაშავის გამოსავლენად. ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, ამ მიმართულებით გამოძიების დაწყების საფუძველი უკვე არსებობდა, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნით, დავით სარალიძის სასიკვდილო ჭრილობა არ იყო მიყენებული გამოძიების მიერ მოპოვებული იარაღით. კითხვები არსებობს ასევე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიების მიმართულებით, თუ რამდენად ამომწურავია პასუხისგებაში მიცემულ პირთა სია, რომლებმაც ხელი შეუწყეს დანაშაულის დაფარვას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, გააცნოს ამ დროისთვის არსებული ყველა მიმდინარე გამოძიების მასალები ამ ფაქტთან დაკავშირებით. ასევე, მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს სხვა პირთა მიერ მკვლელობის გამოძიება და გამოძიების მასალები გააცნოს სახალხო დამცველს”, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)