|
2017-03-29 10:34:31, 1772 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდში მონაწილეობს
საქართველოს დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდში მონაწილეობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს დელეგაცია მწვავედ დააყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელ პროვოკაციულ ქმედებებს. „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ცხინვალის რეგიონისთვის სახელის შეცვლის მიზნით დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზე, ასევე ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციისა და ორივე რეგიონში მილიტარიზაციის პროცესების გაგრძელებაზე. მნიშვნელოვანი ყურადღების საგანი იქნება აგრეთვე აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ქართული მხარე ტრადიციულად დასვამს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო დაბრუნების საკითხს. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება ერთადერთ ფორმატად საქართველოსა და რუსეთს შორის, რომლის მიზანიცაა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციოს ხაზის მიმდებარედ არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტა. სამშვიდობო პროცესის წარმატებისთვის კი აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის უარი ძალის გამოყენებაზე და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებლობით მოეკიდება ნაკისრ ვალდებულებებსა და მოლაპარაკებების პროცესს და არსებით მონაწილეობას მიიღებს ორივე სამუშაო ჯგუფის განხილვებში. თავის მხრივ, საქართველოს დელეგაცია კვლავ ადასტურებს კონსტრუქციული მუშაობისათვის მზადყოფნას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)