|
2026-04-02 19:31:00, 6420 ნახვა
საზოგადოება
მერია: მოქალაქეთა ჯგუფი ცხოველთა თავშესაფარში შეიჭრა, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციის დროს მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა და "ხელი შეუშალა თავშესაფრის ვეტერინარებს საქმიანობაში". მერია ამას "პროვოკაციას" უწოდებს და აცხადებს, რომ მას "რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა". ამასთან, მერია აცხადებს, რომ "მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები, იქ კი, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, უცხო პირთა შესვლა აკრძალულია". მერია "შესაბამისი რეაგირებით" იმუქრება. "გვსურს, გამოვეხმაუროთ დედაქალაქში, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას, რა დროსაც მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა, ხელი შეუშალა თავშესაფრის ვეტერინარებს საქმიანობაში. აქციის მონაწილეებს შორის იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა პროვოკაციის მოწყობას. მოქალაქეთა ნაწილი ასევე, არ დაემორჩილა ადმინისტრაციის წარმომადგენლების მითითებებს, რომლებიც მზად იყვნენ, მათთვის კანონის ფარგლებში ეჩვენებინათ თავშესაფრის ტერიტორია და გაეცნოთ სამუშაო პროცესი. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები, შესაბამისად, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, იქ უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. უფრო მეტიც, მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები, რაც როგორც უსაფრთხოების ნორმების, ისე კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს." - წერს მერია. უწყება აგრეთვე სრული პასუხისმგებლობით ამბობს, რომ თავშესაფარში ყველანაირი ნორმა დაცულია და იქ არ არსებობს კრემატორიუმი. ისინი აფრთხილებენ მოქალქეებს, რომ აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვება რეაგირება. "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში დაცულია შესაბამისი სანიტარიული ნორმები, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს შინაგანაწესისა და კანონის სრული დაცვით. ასევე, თავშესაფრის ტერიტორიაზე არ არსებობს კრემატორიუმი, რომელსაც აქციის მონაწილეები ეძებდნენ. მოვუწოდებთ მოქალაქეებს და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, დაემორჩილონ კანონს, რადგან ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრა კანონდარღვევას წარმოადგენს, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მზადაა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაბამისი ნორმების დაცვით, თავშესაფრის ტერიტორია დაათვალიერებინოს და სამუშაო პროცესი გააცნოს", - ვკითხულობთ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ძალების მუნიციპალურ თავშესაფართან მოქალაქეები მიკედლებული ძაღლების სანახავად მივიდნენ. როგორც ჰყვებიან, ადგილზე დახვდათ ანტისანიტარია, ძაღლების ნაწილს კი ჯანმრთელობის პრობლემები აქვს - ისინი ჰყვებიან, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ძაღლები ერთ სივრცეშია თავმოყრილი, რაც მათთვის სტრესის წყაროა. მოქალაქეებს უნდათ მათთან მიკედლებული ძაღლების წაყვანა. ისინი შიშობენ, რომ თავშესაფრიდან ძაღლებს არა თავდაპირველ საცხოვრებელ არეალში, არამედ დაუსახლებელ ადგილას გაუშვებენ. მათი შეფასებით, ეს ძაღლებისთვის ნელი და მტანჯველი სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს, რადგან უცხო და უკაცრიელ ადგილას ისინი ვერ გადარჩებიან.
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
შსს: მესტიაში დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ - 3 დღეში ჯამში ამოღებულია 212
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)