21:05 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-01 14:44:41, 517 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - გაღვიძების დრო დადგა ყველასთვის, საკითხი არ ეხება პოლიტიკურ არჩევანს

„გაღვიძების დრო დადგა ყველასთვის, საკითხი არ ეხება პოლიტიკურ არჩევანს... სხვა ამოცანა გვაქვს: ან დავთმოთ სახელმწიფო, ან დავდგეთ ქვეყნის მხარეს“, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. 

ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მომავალ თაობას დიქტატურას უმზადებს, სწორედ ამიტომ იგი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მოკლევადიან ინტერესებზე გათავისუფლდნენ და ნათელი მომავლის მხარეს დადგნენ. 

„ე.წ. დახმარება შეიძლება შეუჩერონ, მაგრამ რა ჰქონდა საქართველოს მოსახლეობას ამ გრანტებისგან, გაზულუქებული ენჯეოშნიკების მეტი?“ – აღნიშნავს ზურაბიშვილი და გამოხატავს შეშფოთებას მესიჯბოქსებში გავრცელებულ სიუჟეტებზე, რომლებიც მხოლოდ უვიცობას და უმადურობას ავლენს. 

 

„მომავალი თაობის თავისუფლებაზე რომ არ ფიქრობთ და დიქტატურას უმზადებთ, ეს უკვე გავიგეთ, მაგრამ მათ მომავალ განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, დაცულობაზე და განვითარებაზეც ხელს რომ იღებთ თქვენი დღევანდელი კეთილდღეობის გულისთვის, ამაზე რა პასუხია? არავითარი მილიარდი არაბეთის დეველოპერების ხელში (რომც შემოვიდეს ქვეყანაში) არ უზრუნველყოფს განათლების დონის ამაღლებას, შშმ პირების დაცულობას, შიდსის და ჰეპატიტის აღმოფხვრას, ჯარის გაძლიერებას, პოლიციის სტანდარტების ამაღლებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას…“, - წერს ზურაბიშვილი. 

„მიკვირს ამ თვითგამოცხადებული პატრიოტების ასეთი აღტაცება არაბეთის ახალ ზღაპრებით და სასწაულ გარიგებებით. როდის გვიხაროდა მიწების (თანაც დაცული ტერიტორიების) ასეთი გაყიდვა? როდისღა გვიხაროდა სახელმწიფოს დაცემა, უხერხემლო არსებად ქცევა?“ – აღნიშნავს ის. 

„გაღვიძების დრო დადგა ყველასთვის. საკითხი არ ეხება პოლიტიკურ არჩევანს, ეს არ არის გუშინდელი ბრძოლის გაგრძელება ნაც-ქოცების შორის. სხვა ამოცანა გვიდგას ჩვენს წინაშე: ან დავთმოთ სახელმწიფო, მაშასადამე იდენტობა, წარსული და მომავალი, ჩვენი კულტურა და ჩვენი ინტერესები, და დავემონოთ ერთსულოვან მეზობელს და იმათ, ვისაც ეს ერთი პატრონი შემოუშვებს, რათა ქართული სული, ენერგია და ჟინი ვერ აღდგეს! 

ან დავუდგეთ. წინ, პროპაგანდისგან, პირად მოკლევადიან ინტერესებისგან, კონფორმიზმისგან განვთავისუფლდეთ და დავდგეთ ქვეყნის მხარეს, ვარჩიოთ მომავალი!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics