|
2023-12-01 12:14:30, 931 ნახვა
პოლიტიკა
რუსი ნაციონალისტი დმიტრი დემუშკინი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს
რუსი ნაციონალისტი და რუსეთის მიერ ექსტრემისტად გამოცხადებული დმიტრი დემუშკინი საქართველოში არ შემოუშვეს. აღნიშნულის შესახებ დემუშკინი Telegram-ზე წერს. დემუშკინის თქმით, პოლიციამ ის თბილისის აეროპორტში თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე დააკავა. "პოლიციამ თბილისის აეროპორტში თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე დამაკავა. საქმეებზე მივფრინავდი, ბილეთები, სასტუმროები, ყველაფერი წესრიგში მქონდა. უარს ამბობენ რუსულად დაკავების მიზეზის ახსნაზე. საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანა არაა. ქართველებმა გადაამოწმეს ჩემი დაბრუნების ბილეთი (კვირას), სასტუმროს ჯავშანი, თანხა და დეტალურად შეიტყვეს ჩემი ვიზიტის მიზნის შესახებ. საბუთების ჩამორთმევის შემდეგ მითხრეს, რომ დავლოდებოდი. რამდენიმე საათის განმავლობაში აქტიურ სატელეფონო დიპლომატიას ვაკვირდებოდი. მიმდებარე ტერიტორიაზე თანამშრომლები დადიოდნენ, ტელეფონზე აქტიურად განიხილავდნენ რაღაცეებს, მხოლოდ ჩემი გვარის ამოცნობა მოვახერხე, რომელიც საოცრად დამახინჯებული იყო ქართულად. მერე მთხოვეს, საბუთზე ხელი ქართულად მომეწეა, როცა ვკითხე, რა ეწერა, მითხრეს, რომ თარგმნა არ იყო მათი პასუხისმგებლობა... ბუნებრივია, გაირკვა, რომ საბუთზე ხელი თავად მოაწერეს. შემდეგ მითხრეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ტერიტორიაზე ჩემი ყოფნა არ სურდა... საბოლოო ჯამში, საქმე გაფუჭდა, ბილეთები, სასტუმრო და რესტორანი ხარჯებში შევიდა, მაგრამ მთავარი შეკითხვა დარჩა: 1. ეს რუტინული ქართული რუსოფობიის აქტია, მეც რუსეთის ფედერაციის ქმედებებისთვის დამნაშავედ ჩამთვალეს? 2. თუ ეს ადგილობრივი ხელისუფლების მცდელობაა, თავი მოაწონონ მოსკოვს? იმ იმედით, რომ ვინმეს ასიამოვნონ", - წერს დემუშკინი. ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტების გარეშე არ უშვებენ. გასული წლის 12 დეკემბერს, რუსი ჟურნალისტი, Холод-ის პოდკასტის რედაქტორი, ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს. 18 სექტემბერს, არ შემოუშვეს უკრაინელი ტელეწამყვანი, რომან დრიბნოი, რომელიც საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო გამოფენას უნდა დასწრებოდა. შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს ბლოგერ ალექსეი რომანოვსაც. 12 იანვარს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, სეიმურ ჰაზიმ განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს. 13 თებერვალს, რუსეთის კრიზისული ცენტრის "Насилию.нет-ის" დამფუძნებელი ანა რივინა საქართველოში არ შემოუშვეს. 20 თებერვალს, შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს მწერალსა და ჟურნალისტს, ფილიპ ძიადკოს. 14 მარტს, რუსული ოპოზიციური საინფორმაციო ტელეარხის ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი ალექსანდრა შევჩენკო საქართველოში არ შემოუშვეს. 29 მარტს, საქართველოში კიდევ ერთი რუსი უფლებადამცველი და პუტინის კრიტიკოსი, დარიანა გრიაზნოვა არ შემოუშვეს. 19 აპრილს, საქართველოში რუსი პუბლიცისტი ალექსანდრ არხანგელსკი არ შემოუშვეს. 10 მაისს, საქართველოში არ შემოუშვეს ჩეჩენი ჟურნალისტი ჟალავდი გერიევი, რომელიც რუსეთში პატიმრობაში სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა და სისტემატიურ წამებას ექვემდებარებოდა. 2 ივნისს, საქართველოში რუსი ჟურნალისტი და მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი, ხოლო 25 აგვისტოს, რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი პაველ ასტრახოვი არ შემოუშვეს.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)