|
2023-10-25 16:28:05, 576 ნახვა
პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი - „ოცნების“ ბრალდება, რომ ოპოზიცია ახდენს სტატუსის მიღების საბოტაჟს, რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ცინიზმია
„ქართული ოცნების“ უსაფუძვლო ბრალდება, რომ თითქოს ოპოზიცია ახდენს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების საბოტაჟს, რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ცინიზმია,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. ჭიაბერაშვილის თქმით, ენმ-ი მხარს უჭერს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას და პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს "ამ საქმეში ერთიანი და კოორდინირებული მოქმედებისკენ" მოუწოდებს. „ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის არჩევანია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ვარდების რევოლუციის" შემდგომ ჩატარებულმა რეფორმებმა მყარი ნიადაგი შექმნა ამ მიზნის განსახორციელებლად. დღეს ამ გზაზე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ამჯერადაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს სტატუსის მიღებას და საერთაშორისო პარტნიორებთან თავის კომუნიკაციაში ყოველთვის ხაზს უსვამს, რეგიონში გაზრდილი საფრთხეების გათვალისწინებით, სტატუსის მიღების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. ეს გვითქვამს მრავალჯერ და ვიმეორებთ კვლავაც. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართული ოცნება“ ახორციელებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან სრულიად შეუთავსებელ პოლიტიკურ დევნას, რომლის მკაფიო გამოხატულება პრეზიდენტ სააკაშვილის უკანონო და უსამართლო პატიმრობაა. შარშან ევროპული საბჭოს მიერ სტატუსის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას უკანონო და უსამართლო დაკავება ქართველო ხალხის ისტორიული არჩევანისთვის ძირის გამოთხრის ცხადი მაგალითია. „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივას საფრთხე შეუქმნა გაზაფხულზე რუსული კანონის ინიციირებით და შემოდგომაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მცდელობით. საქართველოს მეგობრები მუდმივად სწუხან იმაზე, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციონირება წინააღმდეგობაშია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. ამ ფონზე „ქართული ოცნების“ უსაფუძვლო ბრალდება, რომ თითქოს ოპოზიცია ახდენს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების საბოტაჟს, რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ცინიზმია. თუ დეკემბერში ევროპული საბჭო მიზანშეუწონლად ჩათვლის, რომ საქართველოსთვის ამ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის მიღება ნაადრევია, ეს სამწუხარო ისტორიული ჩავარდნა მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ წლობით დანერგილი პოლარიზაციის, პოლიტიკური დევნის, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევისა და რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცების შედეგი იქნება. ამ ფონზე გაუმართლებელია ვინმემ პასუხისმგებლობა ააცილოს „ქართულ ოცნებას“ და განხეთქილება შეიტანოს საერთო სახალხო ძალისხმევაში, რომ ქვეყანამ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ეს შეიძლება ზოგიერთ პოლიტიკოსის საარჩევნო ინტერესითაა ნაკარნახევი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტში ასე მოქმედება საერთო ეროვნულ ინტერესს აზიანებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას და მოუწოდებს პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს ამ საქმეში ერთიანი და კოორდინირებული მოქმედებისაკენ",- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)