|
2020-10-03 22:00:35, 790 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: იყო თბილისელი, ისევე, როგორც სხვა ქალაქის მცხოვრები, პირველ რიგში ნიშნავს, იყო ჰუმანური, გიყვარდეს სხვა და გესმოდეს შენი როლი უკეთესი ყოფის შექმნაში
"იყო თბილისელი, ისევე, როგორც სხვა ქალაქის მცხოვრები, პირველ რიგში ნიშნავს, იყო ჰუმანური, გიყვარდეს სხვა და გესმოდეს შენი როლი უკეთესი ყოფის შექმნაში", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. "რა თქმა უნდა, უჩვეულოა თბილისობის დღესასწაულის ასე აღნიშვნა. ჩვენს უძველეს და ულამაზეს ქალაქს არაფერი უხდება ისე, როგორც ზეიმი, შემოდგომის სიჭრელე, ბავშვების ჟრიამული, მტკვარზე ტივით მოსეირნე სტუმრები, ხილით დატვირთული დახლები, მშრომელი ადამიანების მიერ საქართველოს ყველა კუთხიდან მოზიდული ნობათი და რაც მთავარია, მხიარული, ბედნიერი სახეები ქალაქის ქუჩებში. სამწუხაროდ, დღეს ამ ფორმატით ვხვდებით ერთმანეთს. გილოცავთ თბილისობას ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ეს ქალაქი! ვულოცავ მათ, ვინც ქმნიდა თბილისის ისტორიას, ვინც დღეს ზრუნავს მის ყოველდღიურობაზე და ამით ქმნის მომავალს! განსაკუთრებით მინდა მივულოცო წლევანდელი თბილისობა ადამიანებს, რომლებიც ახლა უცნაურ ვირუსს ებრძვიან. მინდა გავამხნევო ისინი და ვუთხრა, რომ მარტო არ არიან ამ ბრძოლაში. მათ გვერდით არის სახელმწიფო და მათ გვერდით არიან ქართველი მედიკოსები, რომლებიც არასდროს მარცხდებიან. არაფერია იმაზე საპატიო მისია, იდგე ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე. ყველაფერი უფერულდება, როდესაც საქმე ეხება ადამიანთა ჯანმრთელობას და მათ უსაფრთხოებას. სწორედ იმის გაცნობიერება, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ერთმანეთის მიმართ, გვაძლევს ძალას და შემწეობას, ერთად გავუმკლავდეთ სირთულეებს და დავინახოთ სინათლის სხივი იქ, სადაც აქამდე ვერ ვხედავდით, ან უბრალოდ არ გვინდოდა გვეძებნა. არ არსებობს ადამიანურობის უფრო ძლიერი და თვალსაჩინო გამოხატულება, ვიდრე სურვილი - უანგაროდ იზრუნო სხვებზე, დახმარების ხელი გაუწოდო მას, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება. იყო თბილისელი, ისევე როგორც სხვა ქალაქის მცხოვრები, პირველ რიგში, ნიშნავს იყო ჰუმანური, გიყვარდეს სხვა და გესმოდეს შენი როლი, საერთო, უკეთესი ყოფის შექმნაში. ადამიანები, რომლებსაც დღეს საპატიო თბილისელის წოდება მინდა გადავცე, სწორედ ის ხალხია, ვინც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით დაგვანახა, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს შენი ქალაქი, შენი ქვეყანა და რაც მთავარია, შენი ხალხი. ტიტული ხომ საბოლოოდ მხოლოდ ფორმალობაა, რომლის უკან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ დგას - გულიდან წამოსული მადლობა მთელი ქალაქისგან, ქვეყნისგან, და რაც მთავარია, ხალხისგან. როდესაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და შევხვდი ბატონ ამირან გამყრელიძეს, მან მეგობრულად მითხრა, რომ არასოდეს სახელმწიფოსგან არცერთი ჯილდო არ მიმიღია და ძალიან მეუხერხულებაო, მაგრამ მე, როგორც ამ ქალაქის მერს, ამ ქვეყნის შვილს, არ მქონდა უფლება, არ მიმეღო ეს გადაწყვეტილება, რადგან ეს ადამიანები, მათ უკან მდგომი ყველა თანამშრომელი იმხელა საქმეს აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მათი დაფასება უბრალოდ, აუცილებელია. და ბოლოს, საპატიო თბილისელის წოდება გადაეცემა ადამიანს, რომელიც ადამიანებს არა მედიკამენტებით, არამედ სიტყვით კურნავს. ეს არის კაცი, რომელსაც ძალიან უყვარს ლიტერატურა და გვასწავლის, რომ ადამიანი ადამიანისთვის დღეა; რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს და სულში გაფურჩქნილი სიყვარულის ყვავილი არა ყაყაჩო, არამედ კაქტუსია, რათა ჩხვლეტით გვაგრძნობინოს სიცოცხლის ძალა. ჩემთვის დიდი პატივია საპატიო თბილისელად დავასახელო გურამ დოჩანაშვილი. იმედი მაქვს, ბატონი გურამი ახლა ტელევიზორის ეკრანიდან გვადევნებს თვალს. მინდა, ვუსურვო მას ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე", - განაცხადა კალაძემ.
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)